ხარვეზის გამო Tesla-მ 53 000 ავტომობილი გაიწვია

მუხრუჭებთან დაკავშირებული ხარვეზის გამო „ტესლამ“ ნებაყოფლობით გაიწვია Model S და Model X-ის მარკის ავტომობილები.

კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, 53 000 მანქანიდან, რომელიც 2016 წლის თებერვალ-ოქტომბერში აეწყო, მხოლოდ 2%-ია დაზიანებული. ყველა მათგანი ამჟამად გაწვეულია. კომპანია ასევე აცხადებს, რომ არ დაფიქსირებულა დაშავების ან მანქანის გაუმართაობასთან დაკავშირებული ინციდენტის არც ერთი შემთხვევა. 2016 წელს „ტესლამ“ საერთო ჯამში 83 922 ავტომობილი გამოუშვა.

კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, პრობლემა ელექტრო მუხრუჭშია. ერთ-ერთი მექანიზმი არასაკმარისად ძლიერი აღმოჩნდა და იმ შემთხვევაში, თუ იგი გაფუჭდება მძღოლი ხელის მუხრუჭს ვერ გამოიყენებს. საქმე ეხება არასწორად დამონტაჟებულ გადამყვანს, რომლის გატეხვის შემთხვევაში მუხრუჭი მაინც შეაჩერებდა მანქანის მოძრაობას, თუმცა გაიჭედებოდა.

კომპანია მანქანის მფლობელებს გაწვევის ოფიციალურ შეტყობინებას გაუგზავნის და თან დაურთავს ინსტრუქციას, თუ როგორ გამოცვალონ გაფუჭებული მუხრუჭი.

2013 წელს ამერიკის სახელმწიფო საგზაო უსაფრთხოების ადმინისტრაციამ „ტესლას“ წარმოებულ Model S-ს უსაფრთხოების თვალსაზრისით 5 ვარსკვლავი მიანიჭა.

მომხდარის გამო ტესლას აქციები 1%-ით 302.51 დოლარამდე დაეცა.