iPhone8-ის გამოსვლის თარიღი ცნობილია

ახალი პროდუქტის გამოსვლა პირველი iPhone-ის 10 წლის იუბილეს მიეძღვნება

Apple-ის ახალი სმარტფონი iPhone8 ბაზარზე სექტემბერში გამოჩნდება. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული Express ავრცელებს.

ამასთან ერთად, ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ „ეფლის“ პრობლემების გამო სმარტფონის გამოსვლა გადაიდება და სავარუდოდ, ოქტომბერში ან ნოემბერში გამოვა.

iPhone8-ის შესახებ ჯერჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა სხვადასხვა წყაროს ცნობით, ტელეფონს კიდეებში მოღუნული ეკრანი ექნება და მთლიანად მოიცავს წინა ნაწილს. ამასთან, ტელეფონის ჩარჩოს სისქე მხოლოდ 4 მილიმეტრი იქნება, საიდანაც 2.577 მილიმეტრს ეკრანის კიდეები დაიკავებს. ტელეფონის უკანა მხარეს, ორი კამერა ვერტიკალურად განლაგდება.

რაც შეეხება ფასს, სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, ახალი ტელეფონი ყველაზე ძვირი „აიფონი“ გახდება. მისი ფასი 1 000 დოლარზე მეტი იქნება. ერთ-ერთი წყარო, რომელიც iPhone8-ის ფასზე საუბრობს, Goldman Sachs-ია.

„ჩვენი მოლოდინით iPhone8-ს 128 გიგაბაიტანი და 256 გიგაბაიტანი მოდელები იქნება, რომლებიც შესაბამისად 999 დოლარი და 1 099 დოლარი ეღირება“, - განუცხადა Goldman Sachs-ის ანალიტიკოსმა სიმონა იანკოვსკიმ „ბიზნეს ინსაიდერს“.

მიმდინარე წელს iPhone-ის წარმოების დაწყებიდან 10 წელი სრულდება. სტივ ჯობსმა პირველი „აიფონი“ ბაზარზე 2007 წლის 9 იანვარს წარადგინა, კომპანიამ მისი გაყიდვა კი 29 ივნისს დაიწყო.