Asus-მა ყველაზე ხანგრძლივი ვადით მომუშავე სმარტფონი გამოუშვა

ტაივანურმა კომპანია Asus-მა ახალი სმარტფონი ZenFone 4 Max-ი წარმოადგინა.

ტელეფონს 5000 mAh-იანი ბატარეა ექნება, რის გამოც, მწარმოებლის თქმით, ახალი სმარტფონი მოლოდინის რეჟიმში 46 დღე იმუშავებს.

გარდა ამისა, სმარტფონს აქვს 5,5-ინჩიანი ეკრანი HD გამოსახულებით. დისპლეის იცავს შუშა, რომელსაც მომრგვალებული კიდეები აქვს (2,5 D). ZenFone 4 Max-ს ექნება ორმაგი უკანა კამერა, რომელთაგან ერთს 13-მეგაპიქსელიანი სენსორი, მეორეს კი - 120-გრადუსიანი ხედვის კუთხე ექნება. ეს უკანასკნელი პანორამული სურათების გადასაღებად არის რეკომენდებული. კამერების ავტოფოკუსი ფაზურ ტექნოლოგიას იყენებს, ამის ხარჯზე ის არასაკმარისი განათების პირობებშიც კი 0,03 წამში იღებს სურათს.

ZenFone 4 Max-ში გამოყენებულია პროცესორი Qualcomm Snapdragon 430. ეს ქვედა სეგმენტის თანამედროვე ჩიპია, რის გამოც აპარატს მისაღები მწარმოებლურობა და დაბალი ენერგომოხმარება აქვს. 

ახალი სმარტფონის კორპუსი მთლიანად ლითონისგან არის დამზადებული. აპარატი ორი ფერის იქნება: შავი (Deepsea Black) და ოქროსფერი (Sunlight Gold).

ASUS Zenfone 4 Max-ის ფასი 235 დოლარი იქნება (SoC Snapdragon 425, ოპერატიული მეხსიერების 2 გიგაბაიტი და ფლეშ-მეხსიერების 16 გიგაბაიტი). გაყიდვების დაწყების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.