ალექსანდრე იმნაძის „ალფა რომეო 6C დისკო ვოლანტე“

ალექს იმნაძე ახალგაზრდა ქართველი დიზაინერია, რომელიც უკვე საკმაოდ ხშირად ხვდება უცხოური პოპულარული საავტომობილო გამოცემების ყურადღების ქვეშ.

იმნაძის ერთ-ერთმა ბოლო კონცეპტუალურმა ნამუშევარმა, ახლახან ფრანგულ გამოცემა Auto Heroes-ის ყურადღება მიიპყრო. ლაპარაკია სუპერ ავტომობილზე, სახელწოდებით „ალფა რომეო 6C დისკო ვოლანტე“.

„ალფა რომეო“ მალე რამდენიმე ახალი ავტომობილის გამოშვებას აპირებს. არაოფიციალური ინფორმაციით, მათგან ერთ-ერთი მაინც სპორტული ავტომობილი უნდა იყოს. აღმავლობის გზაზე მყოფი იტალიური კომპანიისთვის, ასეთი ავტომობილი სახასიათო იქნება - თავის დროზე ხომ „ალფას“ სწორედ სპორტულმა და სარბოლო ავტომობილებმა გაუთქვა სახელი. ახლაც მილანური კომპანიის იმიჯს სწორედ ასეთი მოდელი, ეგრეთ წოდებული „ჰალო ქარი“ სჭირდება. ავტომობილი, რომელიც მას გერმანული პრემიუმ კომპანიებისგან მყიდველის გადმობირებაში დაეხმრება.

სწორედ ასეთად შეიძლება გამოდგეს ალექსანდრე იმნაძემ შემუშავებული მოდელი. შესაძლოა, ეს სტილი „ალფას“ თანამედროვე სტილს არ ერგება, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ის თავისი თამამი და დახვეწილი ფორმებით აღფრთოვანებას იწვევს.

ინდექსი 6C მილანური კომპანიის საწარმოო პროგრამაში ჯერ კიდევ 1920-იან წლებში გამოჩნდა და უზადო სპორტულ მოდელებთან არის ასოცირებული. რაც შეეხება „დისკო ვოლანტეს“, ეს სახელი მილანელებმა პირველად 1952 წელს გამოიყენეს სპორტული მოდელისთვის, რომელიც მათ ატელიე „კაროცერია ტურინგთან“ ერთად შეიმუშავეს. სახელი „დისკო ვოლანტე“ იტალიურად მფრინავ თეფშს ნიშნავს და მართლაც, პირველი მოდელი რაღაცით სწორედ ამოუცნობ მფრინავ ობიექტს ჰგავდა.

იმნაძის ახალ, ალბათ ყველაზე დახვეწილ პროექტს კიდევ ორ მოდელთან აქვს მსგავსება: ცხვირით მან შეიძლება „ტოიოტას“ კონცეპტი FT-1 გაგახსენოთ, უკანა საყრდენებმა კი „ფორდის“ ბოლო თაობის GT - არა სტილით, არამედ გადაწყვეტის თავისებურებით. რაც მთავარია, იმ ჰორიზონტალური ფორმით, რომელიც ცენტრში, რადიატორი-ლოგოს ზედა ნაწილში იწყება და ორივე კიდეში მოთავსებული ვიწრო ფარებით ბოლოვდება, ავტომობილი ძველ „დისკო ვოლანტესაც“ გაგახსენებთ.

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ბორბლები, რომლებიც ორიგინალური ფორმითაც გამოირჩევა და რაც ასევე მნიშვნელოვანია, თავისი გამაგრილებლის მსგავსი წკირებით, მუხრუჭების ეფექტურ გაგრილებასაც უზრუნველყოფს. მთლიანობაში, კარგად გააზრებული აეროდინამიკური ფორმები, ამ კონცეპტუალური ავტომობილის ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა.

საერთო ჯამში, „6C დისკო ვოლანტეს“ კოხტა ფორმები და აეროდინამიკა ერთმანეთთან ორგანულად არის შერწყმული და ერთ მთლიან, საოცრად ლამაზ სტილს ქმნის.

მერაბ ლორთქიფანიძე