მიტლაიდერი - ინოვაციური მეთოდოლოგია სოფლის მეურნეობაში

სოფლის მეურნეობაში კლიმატის ცვლილებებისგან მოსავლის დასაცავად ერთ-ერთი ცნობილი მეთოდოლოგია - მიტლაიდერი ახლა უკვე საქართველოშიც დაინერგა.

მიტლაიდერის მეთოდი მოსავლის მოყვანას სპეციალური ყუთების გამოყენებით ითვალისწინებს. ENPARD-ის ცნობით, მიტლაიდერის ფერმერებს საშუალებას აძლევს, მოსავალი მცირე ფართზე, არასტაბილურ და მკაცრ კლიმატურ პირობებში, ცუდ ნიადაგზე მოიყვანონ. მათივე ცნობით, მიტლაიდერის ყუთი წარმოადგენს უძირო, ხის ან ბეტონის ჩარჩოს, რომლის სიგანე, ჩვეულებრივ, 1 მეტრია, სიგრძე – 9 მეტრი და სიღრმე – 20 სანტიმეტრი. ის შესაძლოა იყოს ნებისმირი ზომის და განთავსდეს ნებისმიერ ადგილას. მისი ავსება “საგანგებოდ დამზადებული ნიადაგით” – ნახერხის და ქვიშის ნარევით ან სხვა ორგანული და ინერტული მასალების კომბინაციით ხდება.

ENPARD-ის ცნობით, მიტლაიდერის მეთოდოლოგია პირველად იმერეთში, ბაღდათში შალვა კვინიხიძემ საკუთარ 500 კვადრატულ მიწის ნაკვეთზე გამოიყენა:

„მიტლაიდერის მეთოდს ახასიათებს რამდენიმე გამორჩეული თვისება. მცენარეთა ზრდის ხელშეწყობა ხდება თავიდანვე, თესლის გაღვივებით სათბურში. შემდეგ, ნერგების გადარგვა ხდება 45 სმ სიღრმის მქონე ნიადაგის კვალში ან ხისგან დამზადებულ ვიწრო ჩარჩოში. მცენარეთა ზრდის მიმართვა ხდება ვერტიკალურად, რათა მინიმუმალური ფართზე მოხდეს მაქსიმალური მოსავლის მიღება. გამოიყენება ხელოვნური ნიადაგი, დამზადებული ქვიშის, ნახერხის, ჩალისა და სხვა ინერტული მასალების ნარევისგან; მისი გაჯერება ხდება სასუქით. აღნიშნული ნარევი, სპეციფიური სასუქებით გაჯერებული, შეიძლება მრავალჯერადად იქნას გამოყენებული ახალი მოსავლისთვის. როგორც ხედავთ, მეთოდი ძალზედ პრაქტიკული და მარტივია. თუმცა, ჩემთვის, მიტლაიდერის გამოყენების ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი არის ის, რომ მეთოდი სრულად იცავს ფერმას ბაქტერიებისა და დაავადებებისგან“, – ამბობს შალვა კვინიხაძე.

როგორც ENPARD-დან იუწყებიან, წელს ბაღდათის მუნიციპალიტეტში, თითქმის ყველა ფერმერის პომიდორი დააზიანა უცნობმა დაავადებამ; შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა მოსავლის მოცულობა და ხარისხი. მათივე ცნობით, დაავადებას მხოლოდ შალვა კვინიხაძის მიტლაიდერის ბაღი გადაურჩა. მიზეზი კი არის ის, რომ მეთოდი საჭიროებს მხოლოდ ქვიშისა და ნახერხისგან დამზადებულ ხელოვნურ ნიადაგს, მაშინ როცა ბუნებრივი ნიადაგი შეიძლება იყოს ძირითადი წყარო ხვადასხვა სახის ბაქტერიისა, რომელიც ზიანს აყენებს მცენარეებს.

როგორც ENPARD/PIN-ის საველე ოპერაციების მენეჯერი დავით ჭელიშვილი აცხადებს მიტლაიდერის მეთოდი მნიშვნელოვნად ამცირებს მოსავლის დაავადებების რისკს:

„მნიშვნელოვნად შემცირდა მოსავლის დაავადების რისკები; შედეგად, მოსავალი გაიზარდა 30-40%-ით, ასევე მოიმატა შემოსავალმა გაყიდვებიდან. აშკარაა, რომ ფერმერები გამოხატავენ მზარდ ინტერესს მეთოდის მიმართ. მეთოდის დემონსტრაციისას, ძირითადი გამოწვევაა მცირე აუდიტორია – აქტიურად უნდა ვიმუშაოთ, რათა გავაცნოთ იგი რაც შეიძლება მეტ ფერმერს. მოცემული სადემონსტრაციო ფერმა შეიქმნა არა შალვასთვის, არამედ ფერმერთა მთლიანი საზოგადოებისთვის რაიონში” -  განაცხადა დავით ჭელიშვილმა.