„სტრატოლონჩი“ - მსოფლიოს უდიდესი თვითმფრინავი

კომპანია „სტრატოლონჩ სისტემზმა“ მსოფლიოში უდიდესი თვითმფრინავი შეიმუშავა, რომლის დანიშნულებაც, კოსმოსური და სხვა ტიპის რაკეტების სტრატოსფეროში აყვანა და იქიდან გაშვებაა.

თვითმფრინავს, სახელად „სტრატოლონჩი“ ორი ფიუზელაჟი აქვს და მისი ფრთაშლილობა საფეხბურთო სტადიონზე დიდია.

გიგანტური თვითმფრინვი 226 000 კილოგრამს იწონის და მასზე მძიმე, 249 476 კილოგრამის წონის ტვირთის გადატანა შეუძლია. ფრთაშლილობა 117 0000 მეტრია. ხომალდს „ბოინგ 747-ის“ ექვსი ძრავი ემსახურება. „სტრატოლონჩ სისტემზმა“ ამ გიგანტის ასაგებად, მოხავეს უდაბნოში უზარმაზარი ანგარი ააშენა, რომლის ფართობი 9 593 კვადრატული მეტრია.

ავიაგიგანტმა ანგარი პირველად მაისის ბოლოს დატოვა. ხმელეთზე ის 28-ბორბლიანი შასით გადაადგილდება. პირველ ეტაპზე, კომპანია თავისი ქმნილების საწვავით გამართვის ტესტებს ჩაატარებს, შემდეგ მის ძრავებს გამოცდის, 2019 წელს კი პირველი საცდელი ფრენა შესრულდება.

კომპანია „სტრატოლონჩ სისტემზი“ შვიდი წლის წინ დააარსეს „მაიკროსოფტის“ თანადამაარსებელმა პოლ ალენმა და რამდენიმე სხვა კერძო კომპანიამ. მათ პირვანდელ მიზანს, კოსმოსური ტურიზმის განვითარება წარმოადგენდა, თუმცა შემდგომში გაჩნდა იმის რეალური შანსიც, რომ ყველაზე წარმატებულები, სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, შეერთებული შტატების კოსმოსურ პროგრამებშიც მიიღებენ მონაწილეობას.

ჰაერიდან კოსმოსური ხომალდის გაშვებას ის უპირატესობა აქვს, რომ საჭირო არ არის სპეციალური გამშვები პლატფორმის მოწყობა, რაც ძალიან ძვირი ჯდება. გარდა ამისა, ასეთ ხომალდებს არ სჭირდება დიდი ზომის მძლავრი ამაჩქარებლები და საწვავის ავზები.

ახლახან ბრიტანულ-ამერიკულ კომპანია „ვირჯინ გალაქტიკსს“ გამოეყო შვილობილი კომპანია „ვირჯინ ორბიტი“, რომელიც „სტრატოლონჩ სისტემზის“ მსგავს ამოცანას ისახავს მიზნად. კოსმოსური ხომალდის სასტარტო პლატფორმად "ვირჯინ ორბიტი" მოდერნიზებულ „ბოინგ 747-400-ს“ იყენებს. ამ კომპანიის სქემით, მზიდი თვითმფრინავი რაკეტას 10 670 მეტრ სიმაღლეზე აიყვანს და გაუშვებს. მსგავსი სქემით იმუშავებს „სტრატოლონჩ სისტემზის“ პროგრამაც.

„სტრატოლონჩ სისტემზს“ უკვე პირველი შემკვეთიც ჰყავს - კომპანია „ორბიტალ ATK“, რომელიც კოსმოსში ორბიტალურ ხომალდ „პეგასუსის“ გაშვებას გეგმავს.