21-ე საუკუნის კონცეპტუალური კარეტა

ავტომწარმოებლები დღეს ინტენსიურად მუშაობენ ელექტრომობილებსა და ავტონომიურ ავტომობილებზე და ცდილობენ , რაც შეიძლება მკვეთრად შეამცირონ გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება და მაქსიმალურად დაიცვან მგზავრების და ფეხმავლების უსაფრთხოება. ამისათვის მათ ბევრი ისეთი სიახლის დანერგვაზე ფიქრი უწევთ, რომლებსაც ამ ეტაპზე, ძნელად თუ წარმოიდგენს ადამიანი.

ინჟინრების მიერ მოფიქრებულ უამრავ საინტერესო კონცეფციათაგან, წარმოებამდე ბევრი ვერ მიაღწევს, რადგან ბევრი სუბიექტური და ობიექტური გარემოება შეუშლის ხელს. ერთ-ერთი ასეთი კონცეფციათაგანია დიზაინის იტალიურ ატელიე „კამალის“ (CAMAL) მიერ შემუშავებული, სამბორბლიანი კონცეპტუალური კარეტა-ვაგონი „ვივა“ (Viva). თქმა არ უნდა, მის სერიულ წარმოებას არავინ დაიწყებს, თუმცა მასში საინტერესო იდეებიც არის წარმოდგენილი, რომლებიც შესაძლოა როდესმე სერიულ ავტომობილებზეც ვიხილოთ.

„ვივას“ სიგრძე 7 მეტრს აღწევს (ლიმუზინ მერსედეს-მაიბახ პულმანზე გრძელია), სიგანე კი 2.5 მეტრია. მას წაგრძელებული ფორმა აქვს, რაც შემხვედრი ჰაერისადმი მინიმალურ წინააღმდეგობას უზრუნველყოფს. ის რაღაცით ბობსლეის ბობსაც მოგაგონებთ და ბორბლებიან ცეპელინსაც. სალონში მხოლოდ ოთხი სავარძელი განლაგდა.

სამი ბორბალი ვახსენეთ, თუმცა ასეც არაა. CAMAL-ის დიზაინერებმა უკან ორი ბორბლის ნაცვლად, ერთი სფერო „დააყენეს“, დაახლოებით ისეთი, როგორიც „გუდიარის“ კონცეპტუალური სფერო-ბორბალია. ამერიკული კომპანიის კონცეფციის შესაბამისად, ასეთი ბორბალი მაგნიტურ ლევიტაციას „ეყრდნობა“ და საუკეთესო მანევრულობას უზრუნველყოფს. მასშივეა ინტეგრირებული საკიდარიც. „ვივას“ წინ ტრადიციული ორი ბორბალი აქვს.

CAMAL-ის კონცეპტი იმითაც არის საინტერესო, რომ ის გამწევ ძალად ცხენების გამოყენებასაც კი ითვალისწინებს. ყოველდღიური მოხმარებისას, „ვივას“ გამწევი ძალა სწორედ ადამიანის ძველი მეგობარი იქნება, მისი დაღლის შემთხვევაში კი მანქანის მოძრაობას ელექტრო ძრავები უზრუნველყოფს. მართვა, რა თქმა უნდა, ავტონომიურია.

CAMAL-ის დიზაინერებს ინტერიერთან დაკავშირებით, მარტივი გადაწყვეტა აქვთ არჩეული - სალონში სავარძლები ერთმანეთის საპირისპირო, ე. წ. კონფერენც სტილში განლაგდა. რაც მთავარია, სალონში მინიმალიზმი მეფობს. როგორც ჩანს, პროექტის ავტორებმა ყველაფერი ციფრულ და სენსორულ ტექნოლოგიებს მიანდეს.

რა თქმა უნდა, „ვივას“ სერიული წარმოების შანსი არ არსებობს, თუმცა მისი შემუშავებით, CAMAL-ის დიზაინერებმა საკუთარი უსაზღვრო კრეატიულობა გამოავლინეს...