Facebook-მა საკუთარი ვიდეოპლატფორმა შექმნა

სოციალურმა ქსელმა Facebook ვიდეოს ყურების ახალი პლატფორმა - Watch-ის ჩაშვების შესახებ განაცხადა.

როგორც თავად კომპანიაში იუწყებიან, ცალკე პლატფორმის საშუალებით შესაძლებელია სერიალებისა და გადაცემების ყურება, რომლებიც მხოლოდ სოციალური ქსელის მომხმარებლებისთვის იქნება განკუთვნილი. აღნიშნული სერვისი 10 აგვისტოს აშშ-ში სოციალური ქსელის მომხმარებლების გარკვეული ნაწილისთვის გახდა ხელმისაწვდომი.

„ამ ეტაპზე სერვისი მხოლოდ აშშ-ში იქნება ხელმისაწვდომი, თუმცა უახლოეს მომავალში ვგეგმავთ, რომ ამ სერვისით უფრო მეტმა მომხმარებელმა ისარგებლოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

Watch-ი ხელმისაწვდომი იქნება მობილურ მოწყობილობებში და პერსონალურ კომპიუტერებში, ასევე სპეციალურ სატელევიზიო აპლიკაციაში. სოციალური ქსელის მომხმარებლები შეძლებენ აირჩიონ ვიდეო, კატეგორიებისა და სიუჟეტების მიხედვით. როგორც მისი შემქნელები აცხადებენ მოხდება მისი პერსონალიზება თითოეული მომხმარებლისთვის და მასში პირველ რიგში მოხვდება ის ვიდეოები, რომლებიც მოსწონთ მეგობრებს.

კოკა კვირკველია