Apple-ი ფილმების წარმოებას იწყებს

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Apple-ი საკუთარი ტელე-შოუსთვის და ფილმების წარმოებისთვის მილიარდ დოლარს დახარჯავს.

როგორც Wall street journal სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, კომპანია გეგმავს საკუთარი თავის პოზიციონირებას, როგორც პრემიუმ გასართობი პროგრამების მყიდველი ბრენდი. წყაროს ცნობითვე, კომპანია უახლოეს მომავალში აპირებს ათამდე „ძვირადღირებული“ სატელევიზიო სერიალის დაკვეთას და ამ მიზნით უკვე დაიწყო კიდეც ერთგვარი დაზვერვითი სამუშაოები სხვადავსხა სააგენტოებთან.

Apple-მა ასევე საჯაროდ განაცხადა, რომ ჰოლივუდში მნიშვნელოვანი მოთამაშის სტატუსის მოპოვებას გეგმავს. ამის წინაპირობად შეიძლება ჩაითვალოს კომპანია Sony Pictures Television-იდან ჯერ კიდევ ივნისის თვეში გადაბირებული პრეზიდენტები - ზაკ ვან ამბურგი და ჯეიმი ერლიხტი. გამოცდილი კადრების გადაბირების პოლიტკას კომპანია ახლაც ახორციელებს.

მიუხედავად იმისა, რომ Apple მომავალ წელს საკუთარი სატელევიზიო კონტენტისთვის მილიარდ დოლარს დახარჯავს, ის მაინც ჩამორჩება პოტენციურ კონკურენტებს Netflix-ს, Amazon-ს და HBO-ს. მაგალითისთვის Netflix 2018 წელს ამ მიმართულებით 7 მილაირდს დახარჯავს, Amazon-ი - 4,5 მილაირდს ხოლო HBO - 2 მილიარდ დოლარს.

როგორც მოსალოდნელია, „ეფლის“ სერიალები და ფილმები კომპანიისავე ახალი ვიდეოსერვისის Watch-ის გამოყენებით ტრანსლირდება.

კოკა კვირკველია