ახალციხელი ავტოინჟინერის მიერ აწყობილი „ოცნების მანქანები“ (+ფოტო)

ახალციხელმა ავტოინჟინერმა, გურამ სუდაძემ მესამე მანქანის აწყობა დაასრულა - ფორდ-კუპე მისი ბოლო ნამუშევარია.

პარალელურად კი, მეოთხე ავტომობილზეც მუშაობს. ამბობს, რომ ბავშვობის ოცნებას ისრულებს და ნანატრ ავტომობილებს საკუთარი ხელით ქმნის.

მოყვარული ავტოინჟინერი ყველაფერს საკუთარი ძალებითა და ფინანსებით აკეთებს. მისი თქმით, საქართველოში ამ სფეროთი დაინტერესებული ბევრი არაა. შესაბამისად, ვინმეს დახმარებისა და მხარდაჭერის იმედი არც აქვს. მისთვის ისიც საკმარისია, რომ აკეთებს იმას, რაც უყვარს და სიამოვნებს.

გურამ სუდაძე:

_ ეს ჩემი ჰობია. თავისუფალ დროს ამ საქმით ვარ დაკავებული. ბავშვობიდან მქონდა წარმოდგენილი ოცნების მანქანა და ამის ასრულება მინდოდა. სულ ოთხი მანქანა მაქვს აწყობილი. მეოთხეს ახლა ვასრულებ და ალბათ 1 წელიწადში მზად მექნება.

-როგორი იყო თქვენი ოცნების მანქანა?

-ადრე, 80-იან წლებში, იყო მოდელი, რომელიც ძალიან მომწონდა. მაშინ, საბჭოთა კავშირის დროს, ტექნიკა ხელმისაწვდომი არ იყო და რისი საშუალებაც მქონდა, იმით ვაწყობდი.

პირველი ავტომობილი სწორედ მაშინ ავაწყვე, ზაპოროჟეცის აგრეგატებზე იყო - ბაგი. მერე 20-25 წლიანი პაუზა მქონდა. მოგეხსენებათ როგორი დრო იყო, არეულობა და ამისათვის არავის ეცალა. 5-6 წლის წინ ისევ ბაგი ავაწყე, ოღონდ ოპელ-ვექტრას აგრეგატებზე.

bpnამას რეტრო სტილის ავტომობილი მოჰყვა, 30-იანი წლების ამერიკული ავტოინდუსტრიის ერთ-ერთი შედევრი, ფორდ-კუპე. უკვე დავასრულე და ახლა ქუთაისში მყავს, ნომრები უნდა ავუღო, გავიფორმო. ერთ წელიწადში კი სამბორბლიან ტრაიკს, ტრიციკლს დავასრულებ. იგი მოტოციკლის აგრეტაგატებზეა და ერთადგილიანია.

-ამ ყველაფერს თქვენი რესურსით აკეთებთ?

-დიახ, საკუთარი ხარჯებით. დაბალბიუჯეტიანი მანქანებია, ამიტომ, ძალიან ძვირი არ მიჯდება. მთავარი შრომაა, რაშიც ფული არ მეხარჯება. პარალელურად ოჯახური ბიზნესით ვარ დაკავებული. ამ საქმეს კი თავისუფალ დროს ვუთმობ.

-საშუალოდ რამდენი გიჯდებათ ერთი მანქანის აწყობა?

-დაახლოებით სამი ათას დოლარამდე.

-რამდენად ხშირად იყენებთ მათ და რამდენად მოსახერხებელია პრაქტიკაში?

-ძალიან ხშირად ვიყენებ. ვსეირნობ, ძალიან მომწონს. რაც მინდოდა, ზუსტად ისაა.

-ხშირად ხომ არ გამოდის მწყობრიდან და გიწევთ შეკეთება?

-არა, მხოლოდ აწყობის პროცესში, მაგრამ მერე აღარ.

-თქვენი საქმიანობით არავინ დაინტერესებულა?bpn

-არა, რადგან საქართველოში არანაირი კონკურსი არ ტარდება. საერთაშორისო კონკურსზე კი ვერ გავიტან, რადგან ისეთი არც ერთი არაა, რომ წარმატებას მივაღწიო. ჩემი ავტომობილები უფრო მოყვარულის დონეზეა აწყობილი. იქ ბევრად მაღალი დონეა და მეეჭვება ჩემი ნამუშევრებით ვინმე დაინტერესდეს.კარგი იქნებოდა ჩვენთანაც ექცეოდეს ამას ყურადღება, მაგრამ იმდენად პატარა ქვეყანა ვართ, რომ ავტოინდუსტრიაში ფულს ალბათ არავინ ჩადებს. არანაირი მხარდაჭერის შეთავაზება არ ყოფილა და არც მაქვს იმედი. ისევ ჩემი ძალებით გავაგრძელებ ამ საქმიანობას. ამით დიდ სიამოვნებას ვიღებ, ბავშვობის ოცნებებს ვისრულებ.

-ახლობლებში თქვენი საქმანობა პოპულარობით სარგებლობს?

- ოჯახის წევრები მუდმივად მხარში მიდგანან. ეს ცოტა ჭუიჭყიანი საქმეა, ეზო მუდმივად მტვრიანია და ამას გაგებით ეკიდებიან. ასევე ფინანსებითაც, რაც ამ საქმიანობაზე მეხარჯება, ოჯახის ბიუჯეტს აკლდება. ახლაციხეში ჩემი ავტომობილები ძალიან პოპულარულია, ქალაქში ყველა მიცნობს.

-როგორი იქნება თქვენი მეხუთე მანქანა?

-ჯერ არ ვიცი. ადამიანის ფანტაზიას საზღვარი არ აქვს და ვნახოთ, წინასწარ ვერ ვიტყვი.

იხილეთ ფოტოგალერეა

თაკო მათეშვილი