მაღაზია, რომელსაც სალარო არ აქვს

კომპანია Amazon-ი სიეტლში პირველ მაღაზიას გახსნის, რომელიც მომხმარებელს განსხვავებულად მოემსახურება.

საქმე ის არის, რომ მყიდველს, რომელიც ამ მაღაზიაში შეიძენს ნივთს, არ მოუწევს სალაროსთან დგომა და მოლარესთან ფულის გადახდა. მყიდველებს მოუწევთ Amazon Go app-ის სკანირება, ვიდრე შევლენ მაღაზიაში. ამის შემდეგ სენსორები აღწერენ მათ მოძრაობას და შესაბამისად დააწერენ გადასახადს მყიდველს, რომელიც თავის მხრივ, ყოველგვარი შეყოვნების გარეშე დატოვებს მაღაზიას.

ტექნოლოგიურმა გიგანტმა აღნიშნული მაღაზიის კონცეპტი ჯერ კიდევ 2016 წელს წარმოადგინა და ის 2017-ში უნდა გაეხსნათ.

როგორც The Wall Street Journal-ი იუწყება, აღნიშნული ნოვაციის დანერგვა კომპანიას იმაზე მეტად გაურთულდა, ვიდრე მოელოდა. თუმცა, კომპანიის წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა, რომ ტექნოლოგიური თვალსაზრისით პრობლემა არ ჰქონიათ.

მაღაზიის ტექნიკური გამოცდა უკვე ჩატარდა და ის დღეს, 22 იანვარს სიეტლში გაიხსნება. შეგახსენებთ, სწორედ ამ ქალაქშია კომპანიის სათავო ოფისი.

კოკა კვირკველია