რა ეღირება Samsung-ის ახალი სმარტფონები - Galaxy S9 და Galaxy S9 Plus

კომპანია Samsung-ის საფლაგმანო სმარტფონის Galaxy S9-სა და Galaxy S9+-ს სავარაუდო ფასებზე ინფორმაცია უკვე გავრცელდა. როგორც forbes წერს, აღნიშნული ინფორმაცია VentureBeat-ის მობილურმა რეპორტიორმა ივან ბლასმა „ტვიტერზე“ გაავრცელა.

მისი ვარაუდით, Galaxy S9-ს ფასი 847 ევრო (1,044 დოლარი) იქნება; Galaxy S9 Plus-ი კი 997 ევრო (1,220 დოლარი) ეღირება.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირის წინ სმარტფონების ფოტოებიც გავრცელდა. მათი პრემიერა კი მიმდინარე თვეში, Mobile World Congress-ზეა დაგეგმილი. რაც შეეხება გაყიდვებს, მობილურები სავარუდოდ, 16 მარტიდან გაიყიდება.

Galaxy S9-სა და Galaxy S9+ -ის ფოტოები VentureBeat-მა გაავრცელა. როგორც გამოცემა წერდა, ორივე სმარტფონს იგივე ტექნოლოგიური ფუნქციები ექნება, რაც მათ წინა მოდელს - S8 -ს აქვს. თუმცა, ახალ მოდელებს რამდენიმე განახლებული მონაცემიც ექნება, მათ შორის საუბარია ფოტო-კამერის გაძლიერებულ შესაძლებლობებზე.

ამასთან, გამოცემა წერდა, რომ თითის სენსორი კამერის ქვემოთ, ვერტიკალურად განლაგდება და არა გვერდზე, როგორც ამჟამინდელ „რვიანზეა“.