Toyota-მ რეკორდული რაოდენობის ავტომობილი გაყიდა

იაპონურმა Toyota Motor Corp-მა 2024 ფინანსური წლისთვის, რომელიც 31 მარტს დასრულდა, 10, 309.457 მლნ ავტომობილი გაყიდა, რაც, წინა წელთან შედარებით, 7,3%-ით მეტია. ამის შესახებ კომპანიის ანგარიშში წერია, რასაც Kyodo News ავრცელებს.

ავტომწარმოებლის წლიურმა გაყიდვებმა 10 მლნ ავტომობილს პირველად გადააჭარბა. ეს მონაცემები Lexus-ის ბრენდს მოიცავს, თუმცა არ მოიცავს Daihatsu Motor-ისა და Hino Motors-ის გაყიდვებს. ამ შვილობილი ბრენდების ჩათვლით, Toyota-მ ფისკალურ წელს 11,090.108 მლნ ერთეული ავტომობილი გაყიდა, რაც, ასევე, რეკორდული მაჩვენებელია და წინა წელთან შედარებით 5%-ით მეტია.

ამასთან, კონცერნის ავტომობილების წარმოება გასულ ფისკალურ წელს 9,2%-ით, 9,97 მლნ ერთეულამდე გაიზარდა. აქედან საზღვარგარეთ წარმოება წელიწადში 5%-ით, რეკორდულ 6,66 მილიონ ავტომობილამდე გაიზარდა, რაც ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში ძლიერმა მოთხოვნამ განაპირობა, ხოლო შიდა წარმოება 18,7%-ით, 3,31 მლნ ავტომობილამდე გაიზარდა, რაც პანდემიის შემდგომი გაზრდილი შიდა მოთხოვნის შედეგია.

გლობალური გაყიდვების რეკორდული მაჩვენებელი მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც საზღვარგარეთ გაყიდვები 7%-ით, რეკორდულ 8,78 მლნ ერთეულამდე გაიზარდა. ეს ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში პოპულარული მოდელების ჰიბრიდული ვერსიების გაყიდვების ზრდამ განაპირობა, როგორიც არის Corolla და RAV4.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ