ივანიშვილს კარგად უნდა ესმოდეს, რომ შემდეგი ნაბიჯი პერსონალური სანქციები იქნება - თინა ბოკუჩავა

მერამდენე განცხადებაა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისგან, რომელიც ღიად ამბობს, რომ „რუსული კანონის“ მიღება ჩაუხერგავს ჩვენს ქვეყანას გზას ევროპისკენ და ნატო-სკენ - ივანიშვილს კარგად უნდა ესმოდეს, რომ შემდეგი ნაბიჯი აშშ-ს მხრიდან პერსონალური სანქციები იქნება, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ბოკუჩავას განცხადებით, ყოველდღიურად რუსთაველის გამზირზე ვხედავთ ახალგაზრდების მხრიდან თავდადებას, რათა „დავიცვათ ჩვენი ევროატლანტიკური მომავალი“.

„მერამდენე განცხადებაა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისგან, რომელიც ღიად ამბობს, რომ „რუსული კანონის“ მიღება ჩაუხერგავს ჩვენს ქვეყანას გზას ევროპისკენ და ნატო-სკენ. სწორედ ამიტომ ვხედავთ ასეთ თავდადებას, განსაკუთრებით ახალგაზრდების მხრიდან. ვხედავთ ყოველდღიურად მათ გამოსვლას რუსთაველის გამზირზე იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ევროატლანტიკური მომავალი. თუ შევხედავთ იმ წერილს, რომელიც გამოაქვეყნეს ძალიან გავლენიანმა ამერიკელმა კანონმდებლებმა, ვფიქრობ, ივანიშვილს კარგად უნდა ესმოდეს, რომ შემდეგი ნაბიჯი აშშ-ს მხრიდან იქნება პერსონალური სანქციები ყველა „ოცნების“ წარმომადგენლის მიმართ, რომელიც საკუთარი ქმედებებით გზას უხერგავს ევროპისკენ“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ, რომლის განცხადებასაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.