გაწევრიანების 20 წელი - ევროკავშირის სახსრებმა ლატვიის წლიური მშპ 8,1%-ით გაზარდა

ევროკავშირში გაწევრიანებიდან 20 წლის განმავლბაში ლატვიამ ევროპული ფონდებიდან 17,6 მლრდ ევრო მიიღო. ამის შესახებ ლატვიის უნივერსიტეტის კვლევაში წერია, სახელწოდებით, „ლატვია ევროკავშირში - 20 წელი.“

ევროკავშირის სახსრები ლატვიელი მეწარმეების მხარდასაჭერად, ასევე, გზების აღდგენისა და ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის, სკოლების, საკონცერტო დარბაზების, სტადიონების, საავადმყოფოებისა და ბიბლიოთეკების განვითარებისთვის გამოიყო.

კვლევაში წერია, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა პროექტებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ლატვიის მშპ-ის ზრდასა და ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან მოსახლეობის შემოსავლის დაახლოებაში. თუმცა ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ ქვეყნის მშპ-ზე ევროპული ფონდების გავლენა თავდაპირველად შედარებით მცირე იყო, რადგან ინვესტიციებიდან უკუგებას დიდი დრო დასჭირდა.

გაანგარიშებამ აჩვენა, რომ ევროკავშირის სახსრების გამოყენებისას ლატვიის წლიური მშპ, საშუალოდ, 8,1%-ით მეტია, ვიდრე მათ გარეშე სცენარის შემთვევაში იქნებოდა.

2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ ლატვიის მშპ-ზე ევროკავშირის ინვესტიციების დადებითი გავლენა სულ უფრო სწრაფად იზრდებოდა და 2014 წლის 8%-დან 2020 წელს 12%-მდე გაიზარდა.

ევროკავშირის ფონდებმა ლატვიაში სამომხმარებლო დონე გაზარდა, სახელმწიფო და ადგილობრივი ინვესტიციები დაასტაბილურა, კერძო კაპიტალის ნაკადის მობილიზება მოახდინა და ექსპორტ-იმპორტზე დადებითი გავლენა იქონია. სახელმწიფო ინვესტიციები, ისევე, როგორც სახელმწიფო მოხმარება კერძო ინვესტიციებთან და მოხმარებასთან შედარებით, უფრო მეტად გაიზარდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ