იმისთვის, რომ ქართული პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე საბაჟო ტარიფის გარეშე მოხვდეს, უნდა იყოს მთლიანად ან ნაწილობრივ წარმოებული საქართველოში. ამის შესახებ PMCG-ის კვლევაშია აღნიშნული. ამავე დოკუმენტის მიხედვით, წარმოშობასთან დაკავშირებულ სერტიფიკატს - EUR.1-ს (პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი) საქართველოს შემოსავლების სამსახური გასცემს.
ამასთან, თუ პირველად წარმოებაზე პროდუქტების ევროკავშირში ექსპორტს განვიხილავთ, დამატებით, ტრანსპორტირებისას აუცილებელია ფიტოსანიტარული სერტიფიკატი, რომლის საფასურიც შეადგენს 25 ლარს.
როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, პირველადი წარმოებისთვის სხვა სავალდებულო სურსათის უვნებლობის სერტიფიკატი არ არსებობს, თუმცა ევროპის ქვეყნებში მყიდველმა შესაძლოა, მოითხოვოს სხვადასხვა ტიპის საბუთები. კერძოდ, ერთ-ერთი არის მძიმე მეტალის შემცველობაზე ანალიზი, რომელიც საქართველოში კეთდება და მისი ღირებულება 150-170 ლარს შეადგენს.
გარდა ამისა, ევროპის ბაზარზე ექსპორტისთვის მნიშვნელოვანია წარმოების ისეთი სტანდარტების დანერგვა, როგორებიცაა HACCP, ISO 22000 Global GAP. მიუხედავად იმისა, რომ ეს სტანდარტები აუცილებელ მოთხოვნებში არ არის, როგორც კვლევაშია აღნიშნული, ერთგვარი ბილეთია ევროპის ბაზრისკენ და მნიშვნელოვანია იმ მწარმოებლებისა და ექსპორტიორებისათვის, რომლებსაც სურთ თავიანთი პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე დამკვიდრება.
ექსპორტისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სერტიფიკატია ასევე, GLOBALG.A.P. რომელიც, როგორც წესი, გაიცემა მოსავლის აღების პერიოდში და ვარგისია 12 თვის განმავლობაში.
PMCG-ის ინფორმაციით, ფერმერულ მეურნეობას თავდაპირველად სტანდარტის დანერგვა მინიმუმ 10,000 აშშ დოლარი უჯდება, რომლის 50% მოდის საკონსულტაციო კომპანიის მომსახურების ანაზღაურებაზე, ხოლო დანარჩენი 50% – უშუალოდა აუდიტსა და სერტიფიცირებაზე.
„თუ ფერმერი გაითვალისწინებს საკონსულტაციო ორგანიზაციის რეკომენდაციებს, მომდევნო წელს სერტიფიკატის აღებისთვის საჭირო თანხა თითქმის ნახევრდება. ამ სერტიფიკატის გამცემი ორგანო არ მდებარეობს საქართველოში. საქართველოსთან ტერიტორიულად ყველაზე ახლოს თურქეთის ოფისია. თუმცა საქართველოში არსებობენ საკონსულტაციო კომპანიები, რომლებიც ეხმარებიან მწარმოებლებს სტანდარტის დანერგვაში. ასეთი საკონსულტაციო კომპანიებია მაგალითად, STAR Consulting და GDCI“,-აღნიშნულია კვლევაში.
გარდა ამისა, ევროკავშირში და სხვა ბაზრებზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტირებისას, ექსპორტიორს მნიშვნელოვანი დახმარება შესაძლოა გაუწიონ საქართველოში მოქმედმა ასოციაციებმა, ისეთებმა როგორიცაა: "საქართველოს ფერმერთა ასოციაცია", "საქართველოს სავაჭრო და სამრეწველო პალატა", "კერკროვან პროდუქტთა ასოციაცია" და სხვა.
საქართველოში მოქმედი ასოციაციები: