დიღმის ჭალებში საქალაქო პარკის მოწყობა წელს ვერ დაიწყება. ამის მიზეზი პარკის მოსაწყობად გამოცხადებული ტენდერის ჩაშლაა.
როგორც თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პირველ ადგილზე მყოფი კომპანია "გრინსერვისს" ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარების გამოცდილება არ ჰქონდა, რაც ტენდერში მონაწილე მეორე კომპანიამ "ინშაათ საქართველომ" გაასაჩივრა.
„დიღმის ჭალების საქალაქო პარკთან დაკავშირებით ტენდერი გამოცხადებული იყო და გასაჩივრდა. ეს იყო ტექნიკური შენიშვნა, რომელიც სხვა პრეტენდენტი კომპანიის მიერ იყო გამოვლენილი და გასაჩივრებული ნაპირსამაგრ სამუშაოებთან დაკავშირებით, რაც დააკმაყოფილა სააგენტომ. მოგეხსენებათ, დიღმის ჭალები შენდება 8 ჰა ტერიტორიაზე, მტკვრის უჯებირო მონაკვეთზე. იგეგმება ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელება, რომ პარკი მდგრადი იყოს. ჩვენს კანონმდებლობაში არის კონკურენტული გარემო და ტენდერის ჩაშლა არის ბუნებრივი პროცესი. რადგან ახლა საბიუჯეტო წლის დასასრულია, წლის ბოლოს მიზანშეუწონელია ტენდერის გამოცხადება, თუმცა, ვფიქრობთ, მომავალ წელს ტენდერი თავიდან გამოცხადდება“,- განაცხადა მაია ბითაძემ.
როგორც ბითაძე აცხადებს, დიღმის ჭალების ტერიტორია ორ სექციად იყოფა, მტკვრის ნაპირზე და მტკვრის შუაში არსებულ ტერიტორიად.
„მტკვრის შუაში არსებული კუნძული უნიკალურია თავისი ბიომრავალფეროვნებით, თავისი ფლორისა და ფაუნის კუთხით. ამ ტერირორიაზე მერიას აქვს განსაკუთრებნული პოზიცია, რომ არათუ განაშენიანება, პირიქით, დაცულ ტერიტორიაზე უფრო მაღალი სტატუსის მინიჭება გვსურს ამ კუნძულისთვის. რაც შეეხება პარკს, მოწყობილი იქნება საპარკო ინფრასტრუქტურა, თავისი შადრევნებით, ბილიკებით, ველობილიკებით, მედიათეკით და ეს ერთ-ერთი უნიკალური ტერიტორია იქნება. ამ კუნძულისთვის და მისი ბიომრავალფეროვნებისთვის ხელის ხლებას საერთოდ არ ვაპირებთ“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
რაც შეეხება პროექტით გათვალისწინებულ ხიდს, ის მტკვრის ორ ნაპირს დააკავშირებს ერთმანეთთან და კუნძულზე გადასახედი ექნება, თავად კუნძულზე ჩასვლა კი, მოსახლეობას არ შეეძლება.
„ხიდიდან კუნძულზე ჩასასვლელი არ უნდა ყოფილიყო ჩვენი მოთხოვნით, ადამიანების უსაფრთხოებიდან გამომდინარე და იქ ბიომრავალფეროვნება უნდა იყოს დაცული ისე, როგორც არის. სანიტარული ჭრებიც კი ადგილზე არ განხორციელდება. პირველად დადგა საკითხი ამ ტერიტორიაზე წავის არსებობის და კუნძულზე ბიომრავალფეროვნების დაცვის შესახებ, რის შედეგადაც დავიწყეთ საიტის „ზურმუხტის ქსელად“ გადაქცევის იდეაზე მუშაობა“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
რაც შეეხება „გრინსერვისთან“ დაკავშირებით გაჩენილ კითხვებს, როგორც მაია ბითაძე ამბობს, ის ტენდერში გამარჯვებისას არანაირი პრივილეგიით არ სარგებლობს. ამასთან, ბითაძე განმარტავს, რომ „გრინსერვისი“ არც ერთი პარკის მშენებლობაში და გარემოსდაცვითი ინფრასტრუქტურის შექმნაში გამარტივებული შესყიდვით არ დაუქირავებიათ.
„უფრო მეტიც, გარემოს დაცვის სამსახურის მიერ, მისი შექმნის დღიდან, 2018 წლიდან, არც ერთი შესყიდვა პირდაპირი შესყიდვით არ განხორციელებულა“, - განაცხადა ბითაძემ.
ცნობისთვის, თბილისის მერიამ დიღმის ჭალებში საქალაქო პარკის მოსაწყობად ტენდერი მიმდინარე წლის ივნისში გამოაცხადა. ტენდერის საწყისი თანხა დაახლოებით, 14 მილიონი ლარი იყო.