McDonald's-ის რუსულ ანალოგში „ვკუსნო ი ტოჩკა“ Coca-Cola-ს Добрый Cola ჩაანაცვლებს

რუსეთში ყოფილი McDonald's-ის რესტორნების ქსელი, „ვკუსნო ი ტოჩკა“ რუსული ანალოგით, Добрый Cola-თი Coca-Cola-ს ჩანაცვლებას ოქტომბრიდან გეგმავს. ამის შესახებ განცხადება კომპანიის პრესსამსახურმა გაავრცელა.

ოქტომბრის დასაწყისისთვის სასმელი ქსელის ყველა ობიექტზე იმავე მოცულობით, 0,25, 0,4, და 0,5-ლიტრიან ქილებში იქნება ხელმისაწვდომი.

Добрый Cola-თი Coca-Cola-ს რებრენდინგის შესახებ ინფორმაცია აგვისტოს დასაწყისში გავრცელდა. რუსეთში Coca-Cola-ს წარმოება ჯერ კიდევ ივნისში შეწყდა. მაშინ Reuters წერდა, რომ დარჩენილი პროდუქტის მარაგის ამოწურვის შემდეგ კომპანია რუსეთში Coca-Cola-ს ან The Coca-Cola Company-ის სხვა ბრენდების წარმოებასა და გაყიდვებს აღარ გააგრძელებდა. ივლისში Coca-Cola HBC Russia-მ სახელი „Multon Partners“-ად გადაირქვა, ხოლო კომპანიის გენერალურ დირექტორად ალექსანდრე რუჟევიჩი დაინიშნა. რუსული განყოფილება, ასევე, Fanta-ს „Добрый Orange“-ით, ხოლო Schweppes-ის „Rich тоник“-ით ჩანაცვლებას გეგმავდა.

აგვისტოს შუა რიცხვებში „ვკუსნო ი ტოჩკამ“ სასაქონლო ნიშნების, ТочкаКола-ს და Кола и точка-ს რეგისტრაციაზე განაცხადები შეიტანა. გამოიყენებენ თუ არა მათ სწრაფი კვების რესტორნების ქსელში, კომპანია ჯერ არ აკონკრეტებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ