არის თუ არა მსოფლიოში რეცესია გარდაუვალი? ეს კითხვა ახლა ეკონომისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია და მიუხედავად იმისა, რომ მასზე ერთი ზუსტი პასუხის გაცემა ალბათ, შეუძლებელია, სწორედ ამგვარი სათაურით აქვეყნებს ახალ კვლევას მსოფლიო ბანკი.
მაღალი ინფლაციის ფონზე მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზები მნიშვნელოვნად შემცირდა, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებამ კი გლობალური რეცესიის - ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს შემცირების რისკი გააჩინა. წინა გლობალური რეცესიების გამოცდილებაზე დაყრდნობით, კვლევაში გაანალიზებულია ახლანდელი ეკონომიკური აქტივობები და პოლიტიკა, ასევე განვითარების სცენარები მოკლევადიანი პერიოდისთვის.
WB-ის ეკონომისტების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ შემცირებული პროგნოზები უშუალოდ ეკონომიკურ რეცესიაზე არ მიუთითებენ 2022-23 წლებისთვის, წინა გამოცდილებები ცხადყოფს, რომ 1970 წლის შემდეგ ყველა გლობალურ რეცესიას წინ უძღოდა ერთი წლით ადრე ეკონომიკური ზრდის შენელება და 7 უმსხვილესი ეკონომიკის თანადროული შემცირება.
„მიუხედავად ეკონომიკური ზრდის შენელებისა, ინფლაცია რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულზეა ბევრ ქვეყანაში. ამ პირობებში, რისკების შესამცირებლად მთავრობები მონეტარულ და ფისკალურ დახმარებებს წყვეტენ. შედეგად, ბოლო 5 ათწლეულის განმავლობაში საერთაშორისო ასპარეზზე ყველაზე სინქრონული მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის გამკაცრების ეპიზოდები მივიღეთ. ეს ქმედებები აუცილებელია ინფლაციის შესაკავებლად, თუმცა მათგან გამოწვეულმა საერთო ეფექტმა, შესაძლოა, იმაზე დიდი გავლენა იქონიოს გლობალურ ეკონომიკაზე, ვიდრე ნავარაუდევი იყო და გამოიწვიოს ეკონომიკური ზრდის შეფერხება“, - წერია კვლევაში.
ეკონომისტები გლობალური ეკონომიკის განვითარების სამ სცენარს გამოარჩევენ 2022-24 წლებისთვის. პირველი, საბაზისო სცენარი დიდწილად ემთხვევა ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის არსებულ პროგნოზებს, ისევე როგორც ბაზრის მოლოდინებს საპროცენტო განაკვეთების ზრდასთან დაკავშირებით. ამ სცენარის თანახმად, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ახლანდელი ტემპი ინფლაციის მაჩვენებლის დროულად დასაწევად საკმარისი არ იქნება.
მეორე - მკვეთრი დაღმასვლის სცენარი ითვალისწინებს ინფლაციის მოლოდინების ზრდას, რაც ეროვნულ ბანკებს პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრებას აიძულებს. ამ სცენარით, გლობალური ეკონომიკა რეცესიას 2023 წელს მაინც გადაურჩება, თუმცა ინფლაციის დაბალი დონე საპროგნოზო პერიოდის ბოლომდე ვერ აღდგება.
მესამე სცენარის მიხედვით 2023 წელს რეცესია იქნება, რაც მნიშვნელოვნად შეაფერხებს პანდემიის შედეგად ისედაც დაზარალებული განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკურ ზრდას გრძელვადიან პერიოდში.
კვლევის თანახმად, 2022-23 წლებში რეცესია გარდაუვალი არაა, თუმცა ამისთვის პოლიტიკის გამტარებლებს ბეწვის ხიდზე გავლა მოუწევთ, უნდა დაიცვან ბალანსი, დროულად მიიღონ მონეტარული გადაწყვეტილებები ფასების დასასტაბილურებლად, მათი ფისკალური მექანიზმები კი მიზნობრივ დახმარებებს უნდა მოიცავდეს სხვადასხვა ჯგუფებისთვის და ამცირებდეს ენერგოსექტორის, სავაჭრო ქსელებისა თუ შრომის ბაზრების შემაფერხებელ ფაქტორებს.