ფქვილი ბოლო პერიოდში 10 ლარით გაიაფდა, რამდენიმე სახეობის პურზე კი, დღეიდან ფასი 10 თეთრით შემცირდება - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს" პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა განუცხადა.
მალხაზ დოლიძის თქმით, თბილისში 2 კომპანია დღეიდან 4 სახეობის პურზე დაწევს ფასს. რეგიონებში კი, პროცესი გაცილებით ადრე დაიწყო და იქაც, ფასი 10 თეთრით შემცირდა.
„ბოლო პერიოდში ფქვილზე ფასი მნიშვნელოვნად შემცირდა. 82 ლარიდან 72 ლარამდე. გაიაფება რეგიონებში უფრო მალე აისახა, რადგან იქ „სოკარმა" გაზის ტარიფი პურის ქარხნებისთვის დაასუბსიდირა, თბილისს კი ეს არ შეეხო და 1.38 ლარს ვიხდით. დღეიდან კი, 2 კომპანია, მასობრივი წარმოების 4 სახეობის პურს 10 თეთრით აიაფებს. ამ ტენდენციის გაგრძელებას ველოდებით ახალ წლამდე.
მნიშვნელოვანია, რომ გარდა რუსულ ბაზარზე ჭარბი მოსავლისა, საკმაოდ კარგი იყო მოსავალი წელს ჩვენთანაც და ვრცელდება ინფორმაცია, რომ ყაზახეთიდანაც შეიძლება შემოვიდეს ხორბალი" - უთხრა ,,ბიზნესპრესნიუსს" დოლიძემ.