დედაქალაქში შექმნილი სატრანსპორტო კოლაფსი თბილისის მერიის არასწორი დაგეგმარების შედეგია - ამის შესახებ ანტიკორუფციული მოძრაობის თავმჯდომარემ ვასო ურუშაძემ „პალიტრანიუსის“ „ბიზნეს პალიტრაში“ განაცხადა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მუშაობა დაიწყოს რელსიანი ტრანსპორტის, ანუ ტრამვაის განვითარებაზე, რომელიც მოქალაქეებისთვის გადაადგილებაზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.
„დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე თბილისში მთავარი ტრანსპორტი ავტობუსი ან მიკრო ავტობუსი ვერ იქნება. განვითარების მთავარი ხაზი უნდა იყოს რელსიანი ტრანსპორტი, ეს არის მეტროპოლიტენის გამტარუნარიანობის გაზრდა, უფრო მეტი ინფრასტრუქტურის შექმნა, რომლითაც მეტროზე ხელმისაწვდომობა გაიზრდება და ყველაზე მნიშვნელოვანი - ტრამვაის განვითარება. ხშირად ტრამვაი წარმოუდგენიათ როგორც საჩვენებელი პროექტი და ვიზუალური ეფექტის მქონე. აქედან გამომდინარე ითვლება, რომ ტრამვაი მაინცდამაინც ცენტრალურ ქუჩებზე უნდა ფუნქციონირებდეს, თუმცა ეს ასე არაა. მე ვფიქრობ, რომ საპილოტე უნდა განხორციელდეს გლდანსა და ვარკეთილში, რომელიც ამ ორ უდიდეს დასახლებას დააკავშირებს მეტროსთან და პარალელურად მეტროს გამტარუნარიანობის გაზრდა, მაგალითად, ახმეტელის მეტროს შემთხვევაში დამატებითი ჩასასვლელის მოწყობა, ასევე დამატებითი ჩასასვლელის მოწყობა ვაზისუბნის მხრიდან. შედეგად მეტროს და ტრამვაის სინქრონიზებული განვითარება ისეთ დონეზე, რომ გადაადგილების მთავარი წყარო იყოს რელსიანი ტრანსპორტი. თბილისის მომავალი არის რელსიანი ტრანსპორტი“. - აღნიშნავს ვასო ურუშაძე.