კონცერნ „კალაშნიკოვმა“ ცეცხლსასროლი იარაღის წარმოება წელს 40%-ით გაზარდა. ამის შესახებ კონცერნის პრესსამსახურის განცხადებაში არის ნათქვამი, რასაც „ტასი“ ავრცელებს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ წელს ცეცხლსასროლი იარაღის წარმოების მნიშვნელოვანი ზრდა სამხედრო პროდუქციის საექსპორტო კონტრაქტებისა და სამოქალაქო იარაღის ექსპორტის მატებამ განაპირობა. მაგალითად, სამოქალაქო იარაღის ფაქტობრივი გაყიდვების დონემ 2021 წლის მთლიანი ექსპორტის მაჩვენებელს ჯერ კიდევ სექტემბერში მიაღწია.
პრესსამსახურის ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღის წარმოების მიმდინარე გეგმა საწარმოსთვის ბოლო 20 წლის განმავლობაში რეკორდულია. გასულ წელთან შედარებით, წელს ბაზარზე მოთხოვნა სამოქალაქო ცეცხლსასროლ იარაღზე გაიზარდა.
„ჩვენი საწარმოო სიმძლავრეები წელს საკმაოდ ინტენსიურად არის დატვირთული,“ - აცხადებს კონცერნის პრეზიდენტი, ალან ლუშნიკოვი, რომელსაც პრესსამსახური ციტირებს.
მანამდე ლუშნიკოვმა „ტასს“ განუცხადა, რომ „კალაშნიკოვის“ შემოსავლის 79% სამხედრო, ხოლო 21% სამოქალაქო პროდუქციის წილია.
კონცერნი „კალაშნიკოვი“ საბრძოლო ცეცხლსასროლი იარაღის წარმოებაში მსოფლიო ლიდერია. ქარხანა, ასევე, მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალას, სპეცშეიარაღებას და დისტანციური მართვის საბრძოლო მოდულებს აწარმოებს. სამოქალაქო პროდუქციის სეგმენტი სანადირო და სპორტულ თოფებს, ჩარხებსა და ხელსაწყოებს მოიცავს. კალაშნიკოვის პროდუქცია 27-ზე მეტ ქვეყანას მიეწოდება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ