რუსეთის ფედერაციის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოში რუსი ვიზიტორების რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება. მობილიზაციის გადაწყვეტილებიდან ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში უძრავ ქონებაზე მოთხოვნამ რამდენჯერმე მოიმატა.
შექმნილი გარემოება კი ბადებს კითხვას, გაიზრდება თუ არა უძრავ ქონებაზე ქირის ფასი. „თიბისი კაპიტალის“ მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია პალიტრანიუსის გადაცემა „ბიზნეს პალიტრას“ ეთერში აცხადებს, რომ მიმდინარე წელს ბინის ქირაზე ფასები მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება, თუმცა შემდგომ წლებში უფრო მეტად მისი შემცირებაა მოსალოდნელი.
„წელს არ მგონია, რომ ბინების ქირის მაღალ ფასთან დაკავშირებით სიტუაცია შეიცვალოს, თუმცა უკვე შემდგომ წლებში ვფიქრობ, რომ ასეთი მაღალი ქირა მდგრადი არ არის და შესაბამისად, მისი შემცირება უფრო მეტადაა მოსალოდნელი. ამ ყველაფრის თქმის საფუძველს მაძლევს ის გარემოება, რომ ქირაზე ასეთი მაღალი მოთხოვნა მუდმივად ვერ შენარჩუნდება. ვიზიტორების ნაწილის საქართველოში არ დარჩება და ქვეყნიდან გავლენ, ხოლო ის ნაწილი, რომელსაც აქ დარჩენა უნდა, ისინი უფრო მეტად ცდილობენ, რომ ბინა იყიდონ და არა იქირავონ“, - აღნიშნა ოთარ ნადარაიამ.