უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტმა ბოლო ორ თვეში 5,5 მლნ ტონას მიაღწია

„მარცვლეულის ინიციატივის“ ფარგლებში, უკრაინიდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტმა ორ თვეში 5,5 მლნ ტონას მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ Facebook-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია.

სამინისტროს ცნობით, სექტემბრის ექსპორტის მაჩვენებელი, 3,8 მლნ ტონა აგვისტოს 1,7 მლნ ტონა მოცულობას ორჯერ აღემატებოდა. მთლიანობაში, „მარცვლეულის ინიციატივის“ ფარგლებში, ოდესის, ჩერნომორსკისა და პივდენის პორტებიდან აგვისტო-სექტემბერში 241 გემი გაიგზავნა, მათ შორის 176 სექტემბერში, ხოლო 65 გემი აგვისტოში გავიდა.

ოდესის პორტიდან 74 გემმა 1,5 მლნ ტონა მარცვლეული გაიტანა, ჩერნომორსკის პორტი 111 გემმა 2,1 მლნ ტონა მოცულობით დატოვა, ხოლო პივდენის პორტიდან 56 გემმა 1,9 მლნ ტონა მარცვლეული გაიტანა.

სამინისტროს ცნობით, გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამასთან თანამშრომლობით, 4 გემი 120 000 ტონაზე მეტი ხორბლით ეთიოპიაში, იემენში და ავღანეთში უკვე გაემგზავრა, ხოლო უახლოეს მომავალში მეხუთე გემი ჩერნომორსკის პორტში სომალისთვის 30 000 ტონა ხორბლის ჩასატვირთად შევა.

სულ აფრიკის კონტინენტის ქვეყნებში 33 გემით 0,83 მლნ ტონა პროდუქცია გაიგზავნა, მათ შორის ეგვიპტეში 17 გემით - 383,5 ათასი ტონა, ტუნისში 4 გემით - 86 ათასი ტონა და ლიბიაშიც 4 გემით - 78,9 ათასი ტონა. აზიის ქვეყნებში 113 გემით 2,08 მლნ ტონა, ხოლო ევროპის ქვეყნებში 95 გემით 2,59 მლნ ტონა მარცვლეული გაიგზავნა.

ინფრასტრუქტურის სამინისტრო წერს, რომ უკრაინიდან ექსპორტირებული სიმინდის 58% ევროპაში, ხოლო ექსპორტირებული ხორბლის 68% აფრიკასა და აზიაში გავიდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ