"ოცნებიდან" წასულმა პოლიტიკოსებმა POSTV-ის 52% შეიძინეს

საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალის“ წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ, ტელეკომპანია POS TV -ის წილების 52% შეიძინა. ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა მოძრაობის ახალი წევრების წარდგენაზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს გარემოება მოძრაობას ხელს შეუწყობს, რათა მათი სათქმელი საზოგადოებამდე მივიდეს.

„საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ დავაფუძნეთ რამდენიმე პარლამენტარმა, თუმცა მოძრაობის შემადგენლობა მალევე გაფართოვდა და პირველივე ეტაპზე მას შემოუერთდნენ საკრებულოს წევრები სხვადასხვა რაიონიდან. დღეს საზოგადოებას გვინდა წარმოვუდგინოთ მოძრაობის კიდევ უფრო გაფართოებული შემადგენლობა. ფართოვდება მოძრაობის საპარლამენტო შემადგენლობა. კერძოდ ჩვენს საპარლამენტო გუნდს დაემატება 5 პარლამენტარი - ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია და ზაალ მიქელაძე. მთლიანობაში ჩვენი მოძრაობა საქართველოს პარლამენტში 9 წევრით იქნება წარმოდგენილი რაც ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში ჩვენ გვეყოლება რიცხოვნობით მესამე პოლიტიკური ჯგუფი. გარდა ამისა, მოძრაობას შემოუერთდნენ ექსპერტები - თამთა მეგრელიშვილი, ზურაბ ქადაგიძე, დავით ქართველიშვილი, თამარ ჩიბურდანიძე, ნუკრი შოშიაშვილი, ოთარ ჭულუხაძე, ნიკა ქობულაძე და იოანე შაიშმელაშვილი.

საზოგადოებას გვინდა ვაცნობოთ, რომ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ჩვენი მოძრაობის რეგიონალური წარმომადგენლობის გაძლიერებაზე. ჩვენი მიზანია საზოგადოებრივ მოძრაობას შეუერთდნენ ყველა მუნიციპალიტეტიდან.

ჩვენი მოძრაობის წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ შეიძინა ტელევიზია „პოს ტვ“-ის წილების 52%. აღნიშნული გარემოება ხელს შეგვიწყობს სათქმელის საზოგადოებამდე კიდევ უფრო ფართოდ მივიტანოთ. აღვნიშნავთ კიდევ ერთხელ, რომ დღევანდელ ურთულეს გარემოში საქართველოს წარმატებით უზრუნველყოფისა და ქვეყნისთვის საფრთხეების თავიდან აცილების ერთადერთ გზად საზოგადოების სიმართლით აღჭურვა გვესახება. გვჯერა, რომ სიმართლით აღჭურვილ ხალხის ძალას ქვეყნის ინტერესების დაცვის საქმეში წინ ვეღარაფერი აღუდგება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.