ყაზახი ავტომწარმოებლები მოლაპარაკებებს მართავენ ყაზახეთში Toyota-ს ასაწყობი ქარხნის გახსნაზე, რომელმაც ახლახან რუსეთის ბაზარი დატოვა. ამის შესახებ რესპუბლიკის მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა კაირბეკ უსკენბაევმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რასაც „ფინმარკეტი“ ავრცელებს.
ამით მინისტრმა რუსეთიდან ყაზახეთში Toyota-ს ქარხნის შესაძლო გადატანაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.
„Toyota ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდია. ჩვენი მწარმოებლები აწარმოებენ მოლაპარაკებებს, როგორც ბიზნესი ბიზნესთან და თუ ქარხნის გადმოტანის რაიმე შესაძლებლობა არსებობს, ეს მხოლოდ მისასალმებელია“, - აცხადებს უსკენბაევი.
მისი თქმით, ბიზნესი ამ საკითხს სამთავრობო უწყებებთან არ განიხილავს, რადგან „წმინდა ტექნიკური საკითხია, თუ ვინ რამდენ ფულს დებს და ვისი რა კომპეტენციაა.“
„თუ Toyota-ს ქარხანა გაიხსნება, ვფიქრობ, ეს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი წარმატება იქნება“, - აცხადებს მინისტრი.
სექტემბრის ბოლოს Toyota Motor Corporation-ის რუსულმა განყოფილებამ, ექვსთვიანი შეფერხების შემდეგ, სანქტ-პეტერბურგის ქარხანაში მანქანების წარმოების სრული შეწყვეტა გამოაცხადა. წარმოების შეწყვეტისა და ასაწყობი ქარხნის დახურვის მიზეზად ძირითადი მასალებისა და დეტალების ლოგისტიკურ ჯაჭვში სერიოზული დარღვევები დასახელდა.
სანქტ-პეტერბურგში მდებარე Toyota-ს ქარხანა ექსპლუატაციაში 2007 წელს შევიდა. მის წლიურ სიმძლავრეს 100 000 ავტომობილი წარმოადგენდა. ქარხანა RAV4-ისა და Camry-ის მოდელებს აწარმოებდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ