საქართველოში საწვავზე ფასები მცირდება. როგორც კონკურეციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ „ბიზნეს პალიტრას“ ეთერში განაცხადა, ჯერ კიდევ აგვისტოში საწვავის ფასი საქართველოში 40-50 თეთრით შემცირდა და ეს ტენდენცია სექტემბერშიც გაგრძელდა. ირაკლი ლექვინაძის თქმით, არსებული მდგომარეობა იძლევა საშუალებას ვთქვათ, რომ ბაზარზე კონკურენცია გარკვეულწილად გაუმჯობესებულია.
„მე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი 7 თვის ანგარიშის შემდეგ დავიწყეთ საწვავის ბაზრის მოკვლევა. ამ პროცესის შემდეგ შემიძლია წინასწარ გითხრათ, რომ ბაზარზე გარკვეული გაუმჯობესება კონკურენციის კუთხით შეინიშნება. ამის თქმის საშუალებას რამდენიმე ფაქტორი მაძლევს, კერძოდ, თუ 5 მსხვილ რეალიზატორს შორის ფასთა შორის სხვაობები ერთი და იგივე ტიპის საწვავზე ადრე თუ იყო მინიმალური, დღეს საკმაოდ გაზრდილია ეს ფასთა შორის სხვაობები. დღესდღეობით, მაგალითად, საწვავის ყველაზე გავრცელებული ტიპი, რეგულარი რომ ავიღოთ, მისი ფასის დიაპაზონი 3,04 ლარიდან 3,4 ლარის ფარგლებში მერყეობს. მეორეს მხრივ, მცირე და მსხვილ ქსელებს შორის თუ ფასების დიაპაზონი იყო დაახლოებით 30-60 თეთრი, ახლა ეს დიაპაზონი შემცირებულია 20-25 თეთრამდე. ცხადია, ესეც გაუმჯობესებული კონკურენციის ნიშანია“, - აღნიშნა ლექვინაძემ.
მისივე თქმით, საწვავზე ფასების კლების ტენდეციით გამორჩეული იყო აგვისტო, როდესაც ყველა ტიპის საწვავზე ფასი 40-50 თეთრით შემცირდა. „აღნიშნული პროცესი სექტემბერშიც გაგრძელდა და დაახლოებით 10-40 თეთრის ფარგლებშია ფასების კლება. ბუნებრივია, ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი გარე ბირჟებზე არსებული ვითარებაა. აგვისტოსა და სექტემბერში დაახლოებით 85 აშშ დოლარი ღირდა იგივე ბრენტის ტიპის ნავთობი. თუმცა ამ პროცესს ხელი არა მხოლოდ ნავთობზე ფასების ცვლილება, არამედ ეროვნული ვალუტის სიმყარემაც შეუწყო“, - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე