საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის მიერ გამართულ ყოველწლიურ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები სსფ-ის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ბო ლისთან, სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორთან, პოლ ჰილბერსთან, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტთან, სეჰრატ კოკსალთან და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
„გარდა ამისა, კობა გვენეტაძე ახლო-აღმოსავლეთისა და შუა აზიის ცენტრალური ბანკების მმართველების მაღალი რანგის შეხვედრაში მთავარი მომხსენებელი იქნება. ასევე, სებ-ის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს წლიური შეხვედრების ფარგლებში გამართულ Capacity Development-ის საუბრებში და ბრეტონ ვუდსის კომიტეტის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაში.
აღსანიშნავია, რომ ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში გაიმართება საერთაშორისო გამოცემა “Global Finance”-ის დაჯილდოების ცერემონია. შეგახსენებთ, რომ კობა გვენეტაძე 2022 წლის მსოფლიოს ცენტრალური ბანკების საუკეთესო მმართველთა შორის დასახელდა - მისთვის ეს ზედიზედ მეხუთე ჯილდოა.
10-16 ოქტომბრის ყოველწლიურ შეხვედრებში მონაწილეობენ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველები, ასევე ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.