ვაკის პარკის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი გუშინ დასრულდა, რაც მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაციას გულისხმობდა. რეაბილიტირებული ნაწილი მერმა გახსნა.
დღეს კი, ვაკის პარკში შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასული 13 წლის მოზარდი გარდაიცვალა. საავადმყოფოში იმყოფება კიდევ ორი არასრულწლოვანი.
„ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, ვის ეკუთვნის კომპანია, რომელიც კახა კალაძის თქმით, რეაბილიტაციის პროცესის მთავარი კონტრაქტორია.
კომპანია „გრინსერვის+“ -ის წილის 34%-ს ტარიელ კიკნაძე ფლობს, 33%-ს - კობა ხარშილაძე. ასევე, 33% ეკუთვნის ლაშა ფურცხვანიძეს. კომპანიის დირექტორიც ასევე, ლაშა ფურცხვანიძეა.
აღსანიშნავია, რომ ლაშა ფურცხვანიძე ძველი თბილისის რაოინის გამგებელია, რომელიც უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის გამო 2013 წელს დააკავეს. იმავე პერიოდში დააკავეს მისი ყოფილი მოადგილე, კობა ხარშილაძეც.
მოგვიანებით, 2018 წელს, ლაშა ფურცხვანიძისა და კობა ხარშილაძის დაფუძნებული კომპანია „გრინსერვისი“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევაშიც მოხვდა. როგორც მაშინ როგორც ორგანიზაციაში აცხადებდნენ, საქართველოში კორუფციისთვის გასამართლებულ ყოფილ ან მოქმედ თანამდებობის პირებთან დაკავშირებული კომპანიები (მაგალითად, „გრინსერვისი“, „გეო-გრუპი“, „იბოლია“) სახელმწიფო შესყიდვების ტენდერებში იმარჯვებენ და ხელისუფლებისგან მილიონობით ლარს იღებენ, რაც ეწინააღმდეგება როგორც შესყიდვების სფეროს რეგულირების მოწინავე საერთაშორისო (მათ შორის ევროპულ) პრაქტიკას, ისე საქართველოს პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს.