საქართველოში შემოსული უცხოური ინვესტიციების მხოლოდ მოცულობით გაზომვა არამართებულია და მთავარი მისი ხარისხია - ამის შესახებ პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელის მოადგილემ თორნიკე ზირაქიშვილმა პალიტრანიუსის „ბიზნეს პალიტრას“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, ხარისხიანი ინვესტიციების მოზიდვის მხრივ საქართველოს მნიშვნელოვანი პროგრესი გააჩნია.
„მარტო ინვესტიციას შევხედოთ ფულში, ეს არ არის მართებული მიდგომა. ჩვენ უნდა შევხედოთ, თუ სხვა რა კეთილდღეობა მოაქვს ამ ინვესტიციებს. ხარისხიანი ინვესტიცია სწორედ ამით ხასიათდება, რომ შეიძლება თანხობრივ მოცულობაში მან დიდი ცვლილება არ გამოიწვიოს, თუმცა დასაქმებასა და ღირებულებაში ის იწვევს ცვლილებებს. სწორედ ასე არის მოწყობილი ჩვენი სტრატეგია, რომ შეიძლება თანხაში დიდი მოცულობა არ იყოს, თუმცა სამუშაო ადგილების კუთხით პროგრესი არსებობდეს. სწორედ ამ ახალ პოლიტიკაზე გადადის ახლა ქვეყანა, რომელიც ვფიქრობ რომ უფრო მეტად ეფექტიანია.
ხარისხიანი ინვესტიციის მაგალითი ჩვენთვის არის კომპანია „კონცენტრიქსი“, რომელიც თავის სექტორში ტოპ 5 კომპანიას შორისაა. სულ რაღაც 1 კვირაა რაც ეს კომპანია ჩვენთან შემოვიდა და უკვე 150 ადამიანზე მეტი ადამიანი დაასაქმა. ასე რომ, ჩვენ უნდა ვუყურებდეთ არა ინვესტიციების მოცულობას, არამედ მის ხარისხს“, - აღნიშნავს თორნიკე ზირაქიშვილი.