უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის მოქალაქეობაზე უარი უკვე ოთხმა მილიარდერმა თქვა. შესაბამისად, მათ რუსეთის ტერიტორია უკვე დატოვეს და საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში გადავიდნენ.
ერთ-ერთი ბოლო, რომელმაც რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა, Mail.ru ჯგუფის თანადამფუძნებელი იური მილნერია. იგი მეოთხე მილიარდერია, რომელმაც ომის დაწყების შემდეგ ქვეყანასთან ყველანაირი კავშირი ოფიციალურად გაწყვიტა და განცხადებაც გაავრცელა.
„ამ ზაფხულს ჩვენ ოფიციალურად დავასრულეთ რუსეთის მოქალაქეობის დასრულების პროცესი“, - დაწერა მილიარდერმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე.
აღსანიშნავია, რომ მილნერი და მისი ოჯახი რუსეთში 2014 წლიდან აღარ ცხოვრობს. 1999 წელს კი მან ისრაელის მოქალაქეობა მიიღო.
Forbes-ის თანახმად, რუსეთში დაბადებული 111 მილიარდერიდან 40 პროცენტზე მეტი მინიმუმ ერთ სხვა ქვეყნის პასპორტს ფლობს. რაც იმას ნიშნავს, რომ მათ აქვთ არჩევანი, დაუჭირონ მხარი პუტინის პოლიტიკას ან უმტკივნეულოდ დატოვონ ქვეყანა და ცხოვრება სხვაგან განაგრძონ.
ამავე დროს ევროკავშირმა რუსი ოლიგარქებისთვის “ოქროს პასპორტების“ მოქმედება შეაჩერა, რუსეთის რამდენიმე უმდიდრესი ადამიანი კი დასავლეთის მხრიდან სანქციებს დაექვემდებარა.
წარმოგიდგენთ მილიარდერებს, რომლებმაც საჯაროდ უარი თქვეს რუსეთის მოქალაქეობაზე უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ:
იური მილნერი
მილნერმა 2022 წლის 10 ოქტომბერს განაცხადა, რომ მან უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე.
ბიზნესმენი „ფორბსის“ რუს მილიარდერთა რეიტინგში მე-15 ადგილს იკავებს. ფონდ DST Global-ის დამფუძნებლის ქონება 7,3 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
60 წლის მილნერი “სილიკონ ველის“ უმდიდრესი რუსია. ის იყო ადრეული ინვესტორი Facebook-ში და დააარსა ინტერნეტ საინვესტიციო ფირმა DST Global. ის 1999 წლიდან ისრაელის მოქალაქეა, მაგრამ კალიფორნიაში ცხოვრობს.
DST Global-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ მას არ აქვს არანაირი ქონება რუსეთში და არასოდეს შეხვედრია პუტინს.
რუბენ ვარდანიანი
54 წლის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა და Troika Dialog-ის საინვესტიციო ბანკის აქციონერმა რუსეთის მოქალაქეობაზე უარი გასულ თვეს თქვა და საცხოვრებლად მთიან ყარაბაღში გადავიდა.
ვარდანიანის თქმით, მას სომხური პასპორტი აქვს და რეგიონის დე ფაქტო ლიდერმა არაიიკ ჰარუთუნიანმა მას სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა შესთავაზა, რასაც დათანხმდა.
ვარდანიანმა სექტემბერში გამართულ პრესკონფერენციაზე ასევე განაცხადა, რომ მას რუსეთის რიგი ოლიგარქებისთვის დაწესებული სანქციები არ შეხებია.
რუბენ ვარდანიანი 1.3 მილიარდ დოლარს ფლობს.
ტიმურ ტურლოვი
34 წლის მილიარდერმა, ტიმურ ტურლოვმა, რომელმაც Freedom Finance Investment კომპანია დააარსა, რუსეთის მოქალაქეობაზე უარი ივნისში განაცხადა.
ის გახდა ყაზახეთის მოქალაქე, სადაც იქამდეც ოჯახთან ერთად 10 წელზე მეტია ცხოვრობდა.
Forbes-ის მონაცემებით, მაგნატის ქონება 2,2 მილიარდ დოლარზე მეტია.
ლეონიდ ნევზლინი
ბიზნესმენმა, ინვესტორმა და ქველმოქმედმა ლეონიდ ნევზლინმა ასევე განაცხადა უარი რუსეთის მოქალაქეობაზე. უფრო მეტიც, ნევზლინი დიდი ხანია პუტინს და მის პოლიტიკას აკრიტიკებს.
რუსეთის მოქალაქეობის დათმობის შესახებ მან განცხადება აპრილში, ფეისბუქზე გაავრცელა.
როგორც ცნობილია ნევზლინს ორმაგი - ისრაელისა და რუსეთის მოქალაქეობა ჰქონდა და ოჯახთან ერთად თელ-ავივში ცხოვრობდა.
მილიარდერმა რუსეთი თითქმის ორი ათწლეულის წინ დატოვა მას შემდეგ, რაც, მისი თქმით, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების სერია წამოუყენეს.
ლეონიდ ნევზლინის ქონება 1.5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
წყარო: newsweek.com