მილიარდერ მიხაილ ფრიდმანის ვაჟმა, ალექსანდრ ოჟელსკიმ უკრაინის მიერ მის მიმართ დაწესებული პერსონალური სანქციები გააკრიტიკა. ამის შესახებ 22 წლის ბიზნესმენმა YouTube-ის ვიდეომიმართვაში განაცხადა, რასაც რუსული Forbes ავრცელებს.
ოჟელსკის უკვირს, თუ რატომ არ გაითვალისწინა კიევმა მისი პოზიცია უკრაინის ომთან დაკავშირებით. ის ამბობს, რომ პირველივე დღიდან ამ ომის წინააღმდეგი იყო და ლონდონში უკრაინის მხარდამჭერ საპროტესტო აქციებშიც მონაწილეობდა. ოჟელსკი ირწმუნება, რომ რუსეთი 24 თებერვალს დატოვა, მას მერე ქვეყანაში არ დაბრუნებულა და ამას არც აპირებს. მართალია, იქ მან მეგობრები და ბიზნესი დატოვა, მაგრამ „უფრო მეტად საკუთარ თავისუფლებას აფასებს.“
„არ მჯერა, რომ ამ სანქციების ერთადერთი მიზეზი არის ჩემი კავშირი სხვა ადამიანთან და მიმაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა შეიცვალოს,“ - აცხადებს ალექსანდრ ოჟელსკი, რომელიც ირწმუნება, რომ ამ სანქციებს არ იმსახურებს და თავს უკრაინელად მიიჩნევს.
ოჟელსკის თქმით, უკრაინაში მას ნათესავები ჰყავს და იქ ჩასვლას შეჩვეულია, ამიტომ არ სურს, დაიჯეროს, რომ ამის გაკეთებას ვეღარ შეძლებს.
„ეს მეტად უსამართლოა და ვიმედოვნებ, რომ მსოფლიო მომისმენს,“ - აცხადებს ოჟელსკი.
ვიდეომიმართვაში ოჟელსკი აღნიშნავს, რომ ამჟამად ის დუბაიში, იმ ბინაში ცხოვრობს, რომელიც Airbnb-ის სერვისით იქირავა.
„როგორც ხედავთ, მე არ ვცხოვრობ დაწყევლილ სასახლეში, რადგან ვცხოვრობ იმ შესაძლებლობებით, რაც მაქვს. მე არ მესმის, რატომ ხდება ეს და დაწყევლილი ბიუროკრატების ჯგუფის გამო რატომ ემუქრება საფრთხე ყველაფერს, რაც აქამდე გამიკეთებია,“ - ამბობს ოჟელსკი.
ის ირწმუნება, რომ არაფერი დაუშავებია და ყველაფერს გააკეთებს, რომ სანქციებზე ეს გადაწყვეტილება შეიცვალოს.
„ნება მომეცით, ვიცხოვრო ჩემი ცხოვრებით,“ - წერს ალექსანდრ ოჟელსკი Instagram-ის საკუთარ გვერდზე.
ოჟელსკი „ალფა-ბანკის“ დამფუძნებლის, მიხაილ ფრიდმანის ერთადერთი ვაჟია, რომელიც ლვოვში დაიბადა. ის დებთან ერთად რუსი მილიარდერების უმდიდრესი მემკვიდრეების რეიტინგში შედის. თუმცა თავად მიხაილ ფრიდმანმა ადრე განაცხადა, რომ შვილებისთვის მემკვიდრეობის დატოვებას არ აპირებს. 2020 წელს, Forbes-ის „მეწარმეთა“ კატეგორიაში ალექსანდრ ოჟელსკი ყველაზე პერსპექტიული 30 რუსის სიაში მოხვდა.
19 ოქტომბერს უკრაინამ რუსეთის 256 მეწარმესა და მათ ოჯახებს სანქციები დაუწესა. ფრიდმანის გარდა, სანქციების ქვეშ მოექცა რომან აბრამოვიჩი, ვლადიმერ პოტანინი, გენადი ტიმჩენკო, ლეონიდ მიხელსონი, ასევე, Forbes-ის მიხედვით რუსეთის უმდიდრესი ბიზნესმენი, ვლადიმერ ლისინი და რუსეთის უმდიდრესი ქალი, Wildberries-ის დამფუძნებელი, ტატიანა ბაკალჩუკი. ამასთან, უკრინის სანქციები შეეხეო Forbes-ის სიის ყოფილ წევრსა და Tinkoff-ბანკის დამფუძნებელ ოლეგ ტინკოვსაც, რომელიც, ასევე, აკრიტიკებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში და ამტკიცებდა, რომ ამის გამო ის იძულებული გახდა, ბანკში თავისი წილი პოტანინისთვის მიეყიდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ