„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ წევრთა რიგებს დეველოპერული კომპანია „ოდა“ შეუერთდა

კომპანია „ოდა“ პანდემიურ 2020 წელს დეველოპერულ ბიზნესში შევიდა. ინფორმაციას „საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ ავრცელებს.

კომპანიის დამფუძნებლების განცხადებით, „თანამედროვე და გამოწვევებით სავსე მსოფლიოში საჭიროა, სიახლეების არ გეშინოდეს და თამამი გადაწყვეტილებების მისაღებად მზად იყო“.

ასოციაციის ცნობით, საწყის ეტაპზე ჰოლდინგის ეკონომიკური საქმიანობა არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის მიმართულებით არსებულ სერვისებს აერთიანებდა. ბიზნესის ოპერირებისას მიღებულმა გადაწყვეტილებებმა, რომლებიც ერთდროულად ფუნქციურიც იყო და შემოქმედებითიც, ჰოლდინგში შემავალი ახალი კომპანიის შექმნის იდეა წარმოშვა, რომელიც დღეს უკვე „ოდას“ სახელით არის ცნობილი.

„ოდა“ ჰოლდინგი უძრავი ქონების სფეროში ოპერირებს და შემდეგ მიმართულებებს მოიცავს: სამშენებლო დეველოპმენტი, სრული არქიტექტურული მომსახურება, ინტერიერის დიზაინი, 3D ვიზუალიზაცია, უძრავი ქონების გაყიდვების მიმართულებით მომსახურება და ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურება.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია კომპანია „ოდას“ მიესალმება. ჰოლდინგი, რომლის მთავარი ღირებულება ადამიანების ყოველდღიურობის გაუმჯობესება იყო, დღეს უკვე ინდივიდუალურობასთან და ინოვაციურ გადაწყვეტილებებთან ასოცირდება, რაც ცალსახად კომპანიის პროგრესსა და განვითარებაზე მიუთითებს. მოხარული ვართ, რომ „ოდა“ ჰოლდინგი BAG-ის წევრთა რიგებს შემოუერთდა და დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა მეტად სასარგებლო და ნაყოფიერი იქნება,“- განაცხადა „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.