აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატებმა ე.წ. მინისტრთა კაბინეტის მიერ რუსული კომპანია „მოსკვა რეზორტისთვის“ ქალაქ ბიჭვნთაში 20 ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთის გადაცემას მხარი დაუჭირეს. ინფორმაციას „აფსნიპრესი“ ავრცელებს.
აქედან 16,5 ჰექტარი კომპანიას „რეკრეაციული დანიშნულების“ კატეგორიით, ხოლო 4,12 ჰექტარი მიწის ნაკვეთი „სანატორიუმ-კურორტული ობიექტის მშენებლობისთვის“ მუდმივ სარგებლობაში გადაეცა. მართალია, რამდენიმე დეპუტატი დადგენილების პირველი მოსმენით მიღებას ემხრობოდა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების კენჭისყრის შედეგად, საკითხს მხარი 26-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი ხუთი იყო.
პროექტის განხორციელებას წლის ბოლოსთვის, სპეციალიზებული დეველოპერი, „სოჩი-პარკ 5+“ დაიწყებს, რომელიც კრასნოდარის მხარის ყოფილ გუბერნატორ ალექსანდრე ტკაჩევთან ასოცირდება. „სოჩი-პარკ 5+“-ის დირექტორთა საბჭოს ხუთი წევრიდან ერთ-ერთი რომან ბატალოვია, რომელიც ალექსანდრე ტკაჩევის სიძეა. „სოჩი-პარკ 5+“ იმ კომპანიების ჯგუფის წევრია, რომლებიც „კრასნაია პოლიანას“ საკურორტო-სათამაშო ზონას, გასართობ კომპლექსსა და Sochi Park Hotel-ს, ასევე, 4 და 5-ვარსკვლავიან სასტუმროებს, Riox-ს, Marriott-სა და Movenpick-ს ფლობენ.
თავად ტკაჩევი ფედერაციის სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრიცაა, რომელიც ამ პოსტზე 2015-2018 წლებში მუშაობდა. მანამდე ის, 2001-2015 წლებში კრასნოდარის მხარის გუბერნატორი იყო. 2012 წელს, როცა ტკაჩევი გუბერნატორად კიდევ ერთხელ აირჩიეს, ის აფხაზეთში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად მუშაობდა.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის ბოლოს ბიჭვინთაში დაგეგმილი „მოსკვა რეზორტის“ პროექტთან დაკავშირებით სკანდალი ატყდა. 2021 წლის 27 დეკემბერს ტელეკომპანია „აბაზა ტვ“-ის რეპორტაჟში სასტუმროსა და ბინების კომპლექსის მშენებლობაზე საუბრის დროს ალექსანდრე ტკაჩევმა განაცხადა, რომ მისმა კომპანიამ ბიჭვინთაში უნიკალური ადგილის, 45 ჰექტარი მიწის ნაკვეთის შეძენა-გამოსყიდვა მოახერხა. დე ფაქტო რესპუბლიკის კონსტიტუციისა და სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, მიწა აფხაზეთის მოსახლეობის საკუთრებაა და ყიდვა-გაყიდვას არ ექვემდებარება, ამიტომ სოციალური მედიის მომხმარებლები ვარაუდობდნენ, რომ აფხაზეთის ხელისუფლებამ ტერიტორია ტკაჩევს უკანონოდ გადასცა. ამ ფონზე ტელეკომპანია „აბაზა ტვ“-ის სოციალური ქსელებიდან ტკაჩევის განცხადების ამსახველი სიუჟეტი ამოიღეს.
საზოგადებრივი პროტესტის საპასუხოდ, დე ფაქტო მთავრობის სახელმწიფო ქონების მართვისა და პრივატიზაციის სახელმწიფო კომიტეტის მაშინდელი თავმჯდომარე, ბესლან კუბრავა აცხადებდა, რომ ადრე აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ყოფილი სსრკ-ის სახელმწიფო დაგეგმარების კომიტეტის დაუმთავრებელი პანსიონის კომპლექსი მდებარეობდა, რომელიც 2006 წლის 6 ოქტომბრის კანონით მოსკოვის მერიას გადაეცა. კუბრავას თქმით, მიწის კანონისა და სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, შენობის გადაცემის დროს მის ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთიც უვადო სარგებლობაში გადადის, რაც მოსკოვის მერიამ ტკაჩევს და მის ორგანიზაციას გადააბარა.
როგორც ჩანს, მაშინდელი საზოგადოებრივი პროტესტის გამო საკითხი გადაიდო. თუმცა რაკი პროექტით მშენებლობის დაწყება მიმდინარე წლის ბოლოსთვის არის გათვალსიწინებული და ამასთან, გეოპოლიტიკური სიტუაცია 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობისთვის წამგებიანად შეიცვალა, ისინი რუსეთს, უსაფრთხოების სანაცვლოდ, მორიგ „საჩუქრს“ სთავაზობენ. თუმცა ახალი გარიგებით შარშან დაანონსებული 45 ჰეტრის ნაცვლად, რუსებს აღნიშნული ტერიტორიის, თითქმის, ნახევარი, 21 ჰეტრამდე მიწის ნაკვეთი გადაეცემათ.
ივლისში ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი ბიჭვინთის ე.წ. სახელმწიფო აგარაკისა და მიმდებარე საზღვაო აკვატორიის რუსეთის საკუთრებაში 49 წლით გადაცემასაც გეგმავს. ამას დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი, სერგეი შამბა „ეთნოსისა და სახელმწიფოს“ დასაცავად აუცილებელ პირობად მიიჩენვს, რის „სამხედრო-პოლიტიკურ ქოლგასაც,“ მისი თქმით, რუსეთი წარმოადგენს. შამბა ამბობს, რომ ბიჭვინთის პარკი რუსეთს მადლიერების ნიშნად უნდა გადაეცეს, რომელიც „მზარდი გეოპოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური რისკების“ ფონზე აფხაზეთისთვის უსაფრთხოების გარანტია.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ