ყოველ წელს უფრო და უფრო ნაკლები ფერმერი რჩება სოფლის მეურნეობაში - ამის შესახებ პალიტრანიუსის „დილის პალიტრას“ ეთერში ფერმერთა ასოციაციის ერთ-ერთმა წევრმა ილია კუნჭულიამ ისაუბრა. მისივე თქმით, ფერმერები სოფლის მეურნეობის სექტორიდან სამუშაოდ სხვა სექტორებში გადადიან, რადგან ანაზღაურების კუთხით სოფლის მეურნეობა ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დაბალ კონკურენტუნარიანია.
„უფრო და უფრო ნაკლები ფერმერი რჩება ყოველწლიურად სოფლის მეურნეობაში, რადგან ქვეყანაში მიმდინარეობს ურბანიზაციის პროცესი. შესაბამისად, ხალხი გადადის ქალაქებში საცხოვრებლად და შესაბამისად, სოფლის მეურნეობის სექტორიდან სამუშაოდ მიდიან სხვა სექტორებში. ამ ყველაფრის მიზეზი კი ისაა, რომ სოფლის მეურნეობა არის ერთ-ერთი დაბალკონკურენტული სექტორი, თუნდაც ანაზღაურების მხრივ. ასევე არასტაბილურია სეზონურად, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სეზონურად ფერმერს შეიძლება ჰქონდეს სამუშაო, ხოლო შემდგომში უბრალოდ, დაკარგოს. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში კომბინირებულად ნიშნავს შედარებით მცირე მასშტაბის წარმოებას, რომლის დროსაც მისი ღირებულება მაღალია“. - აცხადებს ილია კუნჭულია.