ეკა გიგაური - ქართულ პოლიტიკაში რუსული ფული არსებობს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ ქვეყანაში რუსული გავლენების, პარტიების დაფინანსების წყაროების, ფინანსებზე ზედამხედველობისა და გამჭვირვალობის თაობაზე დისკუსიას მართავს.

ღონისძიებაში პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, პრობლემაა ის, რომ ქართულ პოლიტიკაში რუსული ფული არსებობს და ზოგჯერ შემომწირველები იმაზე მეტ ფულს სწირავენ პარტიებს, ვიდრე ეს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული.

„ჩვენ ვიცით, რომ პარტიების დაფინანსების სისტემა გარკვეულწილად არის გამჭვირვალე, წლების წინ ეს სისტემა ჩამოყალიბდა და პრინციპში ვიცით, რომ ყველა პარტია აგზავნის დაფინანსებასთან დაკავშირებით ინფორმაციას, რაც არის ხელმისაწვდომი, თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ, რომ არსებობს გამოწვევები, მათ შორის როგორც ჩანს, რუსული ფული არსებობს ქართულ პოლიტიკაში. ეს არის ის გამოწვევები, რომელზეც ერთად გვინდა ვისაუბროთ, თუ როგორ შევებრძოლოთ ამ გამოწვევებს და რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ამ გამოწვევების წინაშე არ დადგეს ქვეყანა“, - განაცხადა ეკა გიგაურმა.

რაც შეეხება ე.წ შავ ფულს, ეკა გიგაური ფიქრობს, რომ ეს პრაქტიკა უნდა შეიცვალოს.

„როცა საქმე „შავ ფულს“ შეეხება, ეს არის ის ფული, რომლის წარმომავლობა არ ვიცით“, - განაცხადა გიგაურმა.