მეტროსადგურის „გოცირიძე“ სარეაბილიტაციო სამუშაოების დაგვიანების გამო, ტენდერში გამარჯვებული კომპანია „მამისონი“ 600 ათას ლარამდე დაჯარიმდა. ამის შესახებ განცხადება დღეს დედაქალაქის მერმა და ვიცე-მერმა გააკეთეს.
მათივე ცნობით, სწორედ აღნიშნული კომპანიაა გამარჯვებული „ვარკეთილის“ მეტროსადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გამოცხადებულ შესყიდვაში.
„შპს „მამისონს“ მეტროსადგურ „გოცირიძესთან“ დაკავშირებით სოლიდური ჯარიმა აქვს გამოწერილი 600 ათას ლარამდე. მნიშვნელოვანი დაგვიანება აქვს. უკვე დაახლოებით, 4-5 თვეა დაგვიანება, რაც მიუღებელი და ძალიან ცუდია, რადგან საქმე ეხება მეტროსადგურს, რომელიც ამის გამო მგზავრებს ვერ ემსახურება.
რაც შეეხება „ვარკეთილის“ მეტროსადგურში სამუშაოებს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია იქაც „მამისონია“, ამასთან დაკავშირებით სჯობს მერს დაუსვათ კითხვა. ცხადია გარკვეული გადაწყვეტილებები იქნება მისაღები ამ კომპანიასთან მიმართებით,“- აღნიშნა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ.
რეესტრის ამონაწერით, შპს „მამისონის“ 100%-იანი წილის მფლობელი შპს „ევორდ ჰოლდინგია“, თავის მხრივ „ევორდ ჰოლდინგის“ მესაკუთრე კი ნიკოლოზ ჭკადუაა.
ამასთან, ვებ-გვერდის „ტენდერების მონიტორი“, მონაცემებით, „მამისონს“ ჯამში 216 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, აქედან 33.8 % მოგებული აქვს, 59.3% კი წაგებული. აღსანიშნავია, რომ მოგებული კონტრაქტების ღირებულება 187 208 870 ლარს შეადგენს.