2019 წელს ერთი ტურისტი საშუალოდ 50 დოლარზე მეტს ხარჯავდა, წელს მხოლოდ 48 დოლარს - ამის შესახებ პალიტრანიუსის „ბიზნეს პალიტრას“ ეთერში ჰოტელიერმა მაია მურაჩაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, წელს ტურიზმიდან მისაღები შემოსავლები 2019 წლის დონემდე ვერ მივა. მურაჩაშვილი ასევე აცხადებს, რომ ტურიზმიდან შემოსავლები მნიშვნელოვან მატებას უკვე მომავალი წლიდან დაიწყებს.
„წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2019 წლის მაჩვენებელს ვერ გადააჭარბებს. ამ ყველაფერს რამდენიმე მიზეზი განაპირობებს, მათ შორის, 2019 წელს ტურისტული დინამიკა გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე მიმდინარე წელს. მეორე ნაწილი კი ტურისტების ხარჯვითი ნაწილია. ასე მაგალითად, თუ 2019 წელს ერთი ტურისტი საშუალოდ 50 აშშ დოლარზე მეტს ხარჯავდა საქართველოში, წელს ეს მაჩვენებელი 48 დოლარამდე შემცირდა. შედარებით უკეთესი მოლოდინები გვაქვს მომდევნო წელს, გამომდინარე იქიდან, რომ სექტორი მაღალ მხარჯველუნარიან ტურისტებს ველოდებით“, - აცხადებს მაიკო მურაჩაშვილი
შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი მონაცემებით 2022 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ ტურიზმიდან 2,142 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო. შემოსავლები წლიურად 1,438 მლრდ დოლარითაა გაზრდილი (204.3%). აღდგენილია 2019 წლის მაჩვენებლის 94.6%. ამასთან, მთვრობა წელს ტურიზმიდან 3 მლრდ დოლარამდე შემოსავალს ელოდება.