2022 წლის სექტემბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისში უძრავი ქონების ღირებულება 20%-ით არის გაზრდილი. 2022 წლის სექტემბრის მონაცემებით, დედაქალაქში 1 კვ.მეტრის ყიდვის საშუალო ღირებულება 967 აშშ დოლარს შეადგენს.
ამასთან, „თიბისი კაპიტალის“ ცნობით, 2022 წლის სექტემბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისში ქირის ფასი 74%-ით არის გაზრდილი. მათივე ცნობით, წელს სექტემბერში ქირის ფასი 1კვ.მეტრზე 9 აშშ დოლარია.
კვლევის თანახმად, 2022 წლის სექტემბრის მონაცემებით, ქირის ფასი თბილისში წლიურად ყველაზე მეტად - 94%-ით დიდ დიღომში გაიზარდა, მას მოსდევს ისანი - 88%-იანი ზრდით, მე-3 ადგილზე კი გლდანია, სადაც ქირის ფასი წინა წლის სექტემბერთან შედარებით, 86%-ით არის გაზრდილი.
ამასთან, „თიბისი კაპიტალის“ ცნობით, მიმდინარე წლის სექტემბერში უძრავი ქონების ქირაზე მოთხოვნა ყველაზე მაღალი იყო შემდეგ 3 რაიონში - დიდი დიღომი, ისანი და გლდანი.
რაც შეეხება ღირებულებას, სექტემბერში საცხოვრებელი უძრავი ქონების გასაყიდი ფასი თბილისში ყველაზე მეტად - 29%-ით გაიზარდა საბურთალოს რაიონში, მას მოსდევს ნაძალადევი -22%-იანი და გლდანი 21%-იანი ზრდით.