რით არის გამოწვეული ინფლაცია და რატომ არ იგრძნობა ეკონომიკური ზრდა მოსახლეობაში

„მაღალ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, მთელი რიგი მიმართულებით ეკონომიკური პარამეტრები არის გაუმჯობესებული. თუმცა, არის ერთი პარამეტრი, რომელიც სამწუხაროდ, მძიმე ტვირთად აწვება ქვეყნის მოსახლეობას. ეს არის ინფლაციის მაღალი დონე“- ამის შესახებ აკადემიკოსმა ლადო პაპავამ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისი თქმით, ინფლაცია არ არის ლოკალური პრობლემა, შესაბამისად, მთავრობის ერთი კონკრეტული გადაწყვეტილებით მდგომარეობის მოთოკვა, პრინციპულად შეუძლებელია.

ამასთან, როგორც ლადო პაპავა ამბობს, მოსახლეობა ეკონომიკურ ზრდას აღიქვამს სამომხმარებლო კალათით, რაც ინფლაციის გამო, გაძვირებულია, შესაბამისად, ასეთი ეკონომიკური ზრდის პოზიტიური შედეგები მოქალაქეებზე სრულფასოვნად ვერ აისახება.

„მაღალ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, მთელი რიგი მიმართულებით ეკონომიკური პარამეტრები არის გაუმჯობესებული, მაგრამ არის ერთი პარამეტრი, რომელიც სამწუხაროდ, მძიმე ტვირთად აწვება ქვეყნის მოსახლეობას. ეს არის ინფლაციის მაღალი დონე. თუნდაც, 2021 წელს ჩვენ გვქონდა 10,5%-იანი ეკონომიკური ზრდა და 13%-ზე მეტი იყო ინფლაცია. ანუ, ინფლაციამ გადაფარა ეკონომიკური ზრდა და ბუნებრივია, ასეთი ეკონომიკური ზრდის პოზიტური შედეგები მოსახლეობაზე სრულფასოვნად ვერ აისახა. ადამიანები ეკონომიკას აღიქვამენ უშუალოდ იმ სამომხმარებლო კალათით, რითაც ისინი არსებობენ, სამომხმარებლო კალათა კი, ქვეყანაში საშუალოდ გაძვირდა და გადააჭარბა ეკონომიკურ ზრდას. აქედან გამომდინარე, კიდევ კარგი, რომ 10%-ზე მეტი გვქონდა ეკონომიკური ზრდა, 3-4 %-იანი ზრდა რომ ყოფილიყო, 13%-იანი ინფლაციის პირობებში ქვეყნის მოსახლეობის მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმე იქნებოდა.

ახლა, რითაა გამოწვეული ეს ინფლაცია და რა შეუძლია საქართველოს მთავრობას, რომ გააკეთოს. ინფლაციის მიზეზი არ არის ადგილობრივი, ეს არის გლობალური პრობლემა და მას საფუძველი ჩაეყარა ჯერ კიდევ 2020 წელს, პანდემიის დაწყებასთან ერთად. რატომ? პანდემიამ გამოიწვია ბიზნესის მთელი რიგი სფეროების ჩაკეტვა. ასევე, მიწოდების ჯაჭვების წყვეტა, ამან კი გამოიწვია მიწოდების შემცირება, შესაბამისად, ფასების ზრდა. ეს მოხდა მთელ მსოფლიოში.

ეს პროცესი გაგრძელდა 2021 წელს, ხოლო 2022 წელს, თუ გავითვალისწინებთ, რომ პანდემია ჯერ არ არის დასრულებული, რომ მძიმე ჩაკეტვებზე ჯერ კიდევ უარს არ ამბობს ჩინეთი და სხვადასხვა პროვინციაში როგორც კი გაჩნდება კოვიდის ნიშნები, ისევ აცხადებს მძიმე ჩაკეტვას, ანუ ეს მიწოდების გლობალური ჯაჭვების პრობლემა კვლავ აქტუალურია მთელ მსოფლიოში. ამას დაემატა ომი, ანუ მიწოდების გლობალური ჯაჭვებიდან ამოვარდა რუსეთი, ბელარუსი, თვითონ უკრაინა, იმიტომ რომ ომშია. თქვენ იცით, რა რთულად დგას საკითხი უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის გატანასთან დაკავშირებით. ამან გამოიწვია გლობალურად ფასების ზრდა. ამიტომ, ვერცერთი ლოკალურად მიღებული გადაწყვეტილებით, ვერცერთი მთავრობის (თუნდაც, ამერიკის შეერთებული შტატების, ან ნებისმიერი სხვა, იგივე ჩვენი ქვეყნის), პრინციპულად შეუძლებელია ინფლაციის მოთოკვა. თუ ამაზე არ იქნა ერთობლივი ძალისხმევა“,- განაცხადა ლადო პაპავამ.

ნინი ქეთელაური