„სასაქონლო ნიშნების სახელმძღვანელოს“ შექმნაზე დარგის სპეციალისტები მუშაობას ასრულებენ. „საქპატენტის“ ცნობით, სასაქონლო ნიშანი წარმოადგენს გრაფიკულად გამოსახულ სიმბოლოს და მისი დანიშნულებაა განასხვაოს ერთი საწარმოს საქონელი ან მომსახურება მეორე საწარმოს საქონლისგან ან მომსახურებისგან.
მათი ინფორმაციით, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - „საქპატენტის“ მიერ ხორციელდება. „საქპატენტის ექსპერტების, ინტელექტუალური საკუთრების უფლების მფლობელების, მოსარგებლეების, პატენტრწმუნებულებისა და მოსამართლეებისთვის რეკომენდებული დოკუმენტის პრეზენტაცია განხილვისა და მოსაზრებებისთვის ამ წუთებში იმართება სასტუმრო „თბილისი მერიოტში“. ღონისძიებას „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძე ესწრება.
სახელმძღვანელოზე მომუშავე ექსპერტები „საქპატენტის“ თანამშრომლებს, პატენტრწმუნებულებს და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებს წარუდგენენ სახელმძღვანელოში ასახული სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის პროცედურის შესახებ დეტალურ ინფორმაციას. დოკუმენტში მოცემულია სარეგისტრაციო განაცხადის შევსებიდან გასაჩივრების პროცედურის ჩათვლით ყველა ასპექტი. დოკუმენტის ირგვლივ დისკუსია ორ დღეს, 8 და 9 ნოემბერს (2022 წ.) გაგრძელდება.
„სასაქონლო ნიშნების სახელმძღვანელოში“ გაზიარებულია ევროკავშირში არსებული პრაქტიკა სასაქონლო ნიშნების ექსპერტიზის მიმართულებით. აღნიშნული სახელმძღვანელო პრინციპების გამოყენება გააძლიერებს საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების უფლებების მართვის ხარისხს, როგორც უფლებების რეგისტრაციის, ისე მისი აღსრულების კუთხით. დოკუმენტი ემსახურება საქპატენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების თანმიმდევრულობას და პროგნოზირებადობას, განაცხადებზე ექსპერტიზის ჩატარების ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებას.
სახელმძღვანელო შეიქმნა ევროკავშირისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების პროექტის (EUGIPP) ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების სისტემის მხარდაჭერას და ამ კუთხით საქართველოს და ევროკავშირის კანონმდებლობისა და პრაქტიკის დაახლოებას. EUGIPP სამწლიანი პროექტია, 2020 წლის იანვრიდან მიმდინარეობს და მას ახორციელებს ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყება (EUIPO). საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრი - საქპატენტი პროექტის მთავარი ბენეფიციარია“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.