ალუმინის მწარმოებელი აზიური გიგანტი, China Zhongwang გაკოტრდა. კომპანია, რომელიც ამ სექტორში ჩინეთში უმსხვილესია, მსოფლიოში კი მეორე ადგილზე, ვალდებულებებს ვეღარ იხდის.
ჩინეთის სასამართლომ ჰოლდინგის წინააღმდეგ სექტემბერში შეტანილი სარჩელი დააკმაყოფილა. ექსპერტების თანახმად, კომპანიის ვალდებულებების საერთო რაოდენობა 64 მილიარდ დოლარს შეადგენს, თუმცა ამჟამად მისი აქტივები ამ თანხის ნახევარსაც ვერ აღწევს.
კომპანიის აღმავლობის ისტორია ისეთივე შთამბეჭდავი იყო, როგორც მისი დაცემა. 2019 წელს ფირმის საბაზრო კაპიტალიზაცია 3.8 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო კომპანიის გაძლიერებამ მისი დამფუძნებელი, ლიუ ჟონსიანი ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში უმდიდრეს ადამიანად აქცია 2014-2017 წლებში.
2016 წლიდან ლიუმ ბიზნესის დივერსიფიცირება დაიწყო და მოიცვა საჰაერო, საზღვაო და ავტომობილების ბაზრები. 2017 წელს შეიძინა კომპანია Aluminiumwerk Unna და იახტების ავსტრალიური მწარმოებელი კომპანია, SilverYachts. ჟონსიანს მიაჩნდა, რომ ამ სვლით კიდევ უფრო გაზრდიდა საკუთარ გავლენას ბაზარზე, თუმცა, ყველაფერი საპირისპირო მიმართულებით წარიმართა და კომპანიის დაღმასვლაშიც დიდი წვლილი შეიტანა.
ლიუმ გადაწყვიტა არეალი საზღვრების გარეთ კიდევ უფრო გაეფართოებინა, შეიძინა გერმანული კომპანია და მოისურვა ამერიკული ფირმის, American aluminium-ის 1.1 მილიარდ დოლარად შეძენაც, თუმცა მისი მცდელობა ამერიკის უცხოური ინვესტიციების კომიტეტმა ეროვნული უსაფრთხოების რისკების გამო აღკვეთა.
2019 წელს ამერიკელმა პროკურორებმა ჟონსიანთან დაკავშირებული 6 სამხრეთ-კალიფორნიული კომპანია დაადანაშაულეს 1.8 მილიარდი დოლარის იმპორტის გადასახადების დაფარვაში, რამაც მისი რეპუტაცია შელახა.
კომპანიებს 1.83 მილიარდის გადახდა დაევალათ, თუმცა სასამართლო პროცესზე არც ლიუ და არც მისი კომპანიის წარმომადგენლები არ გამოცხადდნენ.
ექსპერტების თანახმად, აშშ-ს მიერ ახალი ტარიფების დაწესებამ და კომპანიის დამფუძნებლის წინააღმდეგ დაწყებულმა გამოძიებამ, საბოლოო ჯამში, ერთ დროს ძლიერი ფირმის გაკოტრება გამოიწვია და გამოააშკარავა კომპანიის ცუდი კორპორაციული მმართველობის მოდელი.
აღსანიშნავია, რომ Statista-ს მონაცემებით, 2020 წელს ჩინეთი ალუმინის უმსხვილესი ექსპორტიორი იყო მსოფლიოში და Zhongwang-ის გაკოტრებამ, ცხადია, გააჩინა ეჭვები მიწოდებაში ხვრელის გაჩენასთან დაკავშირებით, თუმცა ეს, წესით და რიგით, საქართველოს ნაკლებად შეეხება. ქვეყნის ალუმინის იმპორტში ჩინეთი მხოლოდ მესამე ადგილზეა და მნიშვნელოვნად ჩამორჩება პირველ ორს, თურქეთსა და რუსეთს.
ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, საქართველოში წელს რეკორდული, 89.7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ალუმინი და მისი ნაწარმი შემოვიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს, 64.4 მილიონს 39.3%-ით აღემატება.