„გამოდის, მე მომარგეს ეს კანონი“ – რა ქონებას ფლობს დეპუტატი, რომელიც დეოლიგარქიზაციის კანონის მიღების შემთხვევაში ოლიგარქი ხდება

76 - მომხრე, 6-წინააღმდეგი - პარლამენტმა მეორე მოსმენით “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი 16 ოქტომბერს მიიღო.

პროექტის მიხედვით, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირად (ოლიგარქად) მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც შემდეგი კრიტერიუმებიდან სულ მცირე სამ მათგანს ერთდროულად აკმაყოფილებს: ა) პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს; ბ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს; გ) არის იმ მეწარმე იურიდიული პირის საბოლოო ბენეფიციარი, რომელსაც ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია და რომელიც ამ მდგომარეობას ერთი წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აუმჯობესებს; დ) მისი და იმ მეწარმე იურიდიული პირების აქტივების დადასტურებული ოდენობა, სადაც ის ბენეფიციარია, შესაბამისი წლის პირველი იანვრის მდგომარეობით 1000 000-ჯერ აღემატება შრომისუნარიანი პირებისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმს.

ჯერ უცნობია, ზუსტი სია ვის შეეხება კანონი ოლიგარქების შესახებ, თუმცა ზემოთ ჩამოთვლილ პუნქტებს აკმაყოფილებენ ის ადამიანებიც, რომლებიც ნაკლებ სავარაუდოა ევროკავშირის 12 პუნქტში ყოფილიყვნენ მოაზრებული.

4 პუნქტიდან სამი სავარაუდოდ შეეხება პარლამენტის წევრს დავით ზილფიმიანსაც. დეპუტატი ,,ბიზნესპრესნიუსთან" აცხადებს, რომ კანონი ძირეულად არასწორია და საჭიროებს ყველა დეფინიციის ზუსტ განმარტებას.

"ამ კანონის წინააღმდეგი ვარ იმის გამო, რომ ანბანური ჭეშმარიტებების დონეზეა არასწორი. 4 პუნქტიდან სამს თუ აკმაყოფილებს ადამიანი, ის უკვე ოლიგარქია. არ არის დაზუსტებული ამ პუნქტების დეფინიციები. მაგალითად, რას ნიშნავს პოლიტიკური გავლენა. მაგალითი რომ მოგიყვანოთ, თუ ადამიანი ცხოვრობს რეგიონში, აქვს გაზეთი და ვთქვათ, ამრავლებს კუებს ამ საქმიანობას თუ სხვა არავინ ეწევა, ის უკვე ოლიგარქია. რადგან, ფლობს მედიას, აქვს მონოპოლიური ბიზნესი და მედიის ფლობის გამო შეიძლება ჩაითვალოს რომ აქვს კონკრეტულ არეალში პოლიტიკური გავლენაც. კანონის მიღებით ვიღებთ ნონსენსს, როცა ქვეყანაში შეიძლება გვყავდეს ღარიბი ოლიგარქებიც. ჩემს შემთხვევაში მე დეპუტატი ვარ, ანუ შეუძლიათ ჩათვალონ რომ მაქვს პოლიტიკური გავლენა, ვფლობ გარკვეულ ქონებას და მოხდა ისე, რომ ევროკავშირის რეგულაციების შედეგად, მხოლოდ მე მაქვს ლიცენზია ტელეკომუნიკაციის გავრცელების არხებზე. ადამიანები, რომლებზეც ამ კანონის გავრცელება სურდათ, სავარაუდოდ არ დააკმაყოფილებენ ამ კრიტერიუმებს, ვამბობ კიდეც, რომ გამოდის, მე მომარგეს ეს კანონი. ცხადია, ამ საკანონმდებლო ჩარჩოს ჩემი მხარდაჭერა არ ექნება, თუ ასეთი ფორმით დარჩა. უნდა მოხდეს დაზუსტებები და ყველა დეფინიცია იყოს მკაფიო. მესმის ისიც, რომ რომ არავინ მოდავებოდა, უკრაინული კანონი პირდაპირაა გადმოკოპირებული, მაგრამ ქრესტომათიულ დონეზე არასწორია დაზუსტებების და ქვეყნის კონტექსტის გარეშე ამ კანონის მიღება“ - განუცხადა ,,ბიზნესპრესნიუსს“ დავით ზილფიმიანმა.

ზილფიმიანი 1959 წელს გურჯაანში დაიბადა. დეკლარაციის მიხედვით ცხოვრობს მეუღლესთან და ერთი შვილთან ერთად. სწორედ მეუღლეზე, ციცინო ბეროზაშვილზეა რეგისტრირებული თბილისში, გორკის ქუჩაზე მდებარე 327 კვ.მ სახლი რეგისტრირებული, რომელიც 2012 წელს აჩუქეს. 2022 წლის იანვარში შეიძინა lexus nx250 46000 აშშ დოლარად.

2019 წელს, Arnold&Son ფირმის საათი აჩუქეს დავით ზილფიმიანს. 2021 წელს შეიძინა Beretta APX ფირმის ცეცხლსასროლი იარაღი 4000 ლარად.

რაც შეეხება კომპანიებს, დეპუტატი ფლობს DBM SYSTEMS, LLC USA Bakersfield, CA 305 22nd Street -ის 50% წილს. მასვე ეკუთვნის შპს ტელეკომპანია I სტერეოს წილის 22% და სტერეო+-ის წილის 50%-ი. ასევე შპს ტოპ ტვ-ის წილის 100%, შპს ომეგა-ს 100% და ა შპს დი +-ის 100%.

დავით ზილფიმიანს, სახელფასო სარგოს სახით 2021 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორის პოზიციაზე მიღებული აქვს 4320 ლარი, პარალმენტში კი, 60032,79 ლარი.

თამარ მუკბანიანი