„დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნები აპირებენ 23 ნოემბერს გამოაცხადონ რუსულ ნავთობზე ფასის ჭერი, ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
სააგენტოს წყაროების ცნობით, ამერიკის ადმინისტრაცია 23 ნოემბერს ევროკავშირის ელჩების შეხვედრამდე გაავრცელებს წინადადებას აღნიშნულთან დაკავშირებით. თუ დიპლომატები მხარს დაუჭერენ ამ წინადადებას, მისი გეგმა მდგომარეობს შემდეგში, რომ იმავე საღამოს მოხდეს შეზღუდვის გამოცხადება, თუმცა როგორც სააგენტო წერს, ვადები შესაძლოა შეიცვალოს.
ამავდროულად საქმეში ჩახედული ერთ-ერთი წყარო აცახდებს, რომ კოალიციაში არ იციან საბოლოოდ როდის შეიძლება დაამტკიცონ ფასის ჭერი.
სექტემბერში G7-მა მხარი დაუჭირა რუსულ ნავთობზე ფასის ჭერის დადგენას, რითაც უნდა შეამცირონ რუსეთის ბიუჯეტის შემოსავლები ენერგორესურსებიდან მიღებული სახსრებით. გეგმის თანახმად 5 დეკემბერს ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის კომპანიები შეძლებენ რუსული ნავთობის მიწოდებაში ნებისმიერი მომსახურების გაწევას მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ნედლეულის შეძენა მოხდება განსაზღვრულ ფასზე ნაკლებად.
მოკავშირეეები მანამდე განიხილავდნენ ფასის დადგენას 40-60 დოლარის ფარგლებში ბარელზე, რაც უკრაინის ომამდე არსებული რუსული ნავთობის თვითღირებულების ფასია, თუმცა არაა გამორიცხული ეს ფასი უფრო მაღალიც იყოს. შეზღუდვის მიზანია ასევე, შენარჩუნდეს რუსული ნავთობი ბაზარზე, რათა არ მოხდეს ფასების ავარდნა, თუმცა ამავდროულად შემცირდეს მოსკოვის შემოსავლები.
ბაზრის მონაწილეებმა არ იციან როგორ იმუშავებს ეს მექანიზმი, ვინაიდან რუსული ნავთობი ახლაც კი 20-30 დოლარიანი ფასდაკლებით იყიდება ბრიტანულ Brent-თან შედარებით. თანაც ბოლო კვირებია ნავთობი მსოფლიოს მასშტაბით იაფდება და 90 დოლარის ფარგლებში ივაჭრება.