ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, მესამე პროექტი საბურთალოს რაიონში, დავით გამრეკელის ქუჩაზე განხორციელდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო შესყიდვა უკვე განხორციელდა და შპს „ჯორჯიან ჰაუსია“ გამარჯვებული კომპანია.
ავარიული კორპუსი დავით გამრეკელის 1-ელ შესახვევში, N6-ში მდებარეობს. საცხოვრებელი სახლი 4-სართულიანია, საპროექტო დოკუმენტაციით კი სართულების რაოდენობა საბოლოო ჯამში 8-მდე გაიზრდება.
,,ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, ვის ეკუთვნის და რამდენ ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული ,,ჯორჯიან ჰაუსს", რომელიც გამრეკელზე ავარიულ სახლს გამარტივებული შესყიდვის წესით ჩაანაცვლებს.
კომპანიის წილის 100%-ს თორნიკე დვალი ფლობს. მასვე უკავია კომპანიის დირექტორის თანამდებობა. კომპანიას 82 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, აქედან 52.4% წაგებული ტენდერებია და მხოლოდ, 17.8 % მოგებული ან მიმდინარე.
მოგებული ტენდერების საერთო ღირებულება 2.7 მლნ ლარია, მოგებული კონტრაქტების საერთო ღირებულება კი, 2.4 მლნ ლარი.
კომპანიას, ასევე მიღებული აქვს 9 გამარტივებული შესყიდვა, რომლის საერთო ღირებულებაც 535 450 ლარია.
მერიასა და კომპანიას შორის, ხელშეკრულება ძალაში 2022 წლის 30 ნოემბერს შევიდა 2028 წლის 30 იანვრამდე. ჩანაცვლების დაფინანსების წყარო 2023 წლის დედაქალაქის ბიუჯეტია. შესყიდვის ობიექტის საერთო ღირებულება 200 000 ლარს შეადგენს.