„ბათუმში ებრაელები წლიურად 1,500 ბინას ყიდულობენ, რაც 70 მლნ დოლარამდეა“ - მენი ბენიში

საქართველო-ისრაელის სავაჭრო პალატის პრეზიდენტის, მენი ბენიშის თანახმად, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობის გაღრმავებისა და გაუმჯობესების დიდი პოტენციალი არსებობს და ამ კუთხით რამდენიმე ღონისძიების ჩატარება იგეგმება ისრაელში მომდევნო თვეებში. ამის შესახებ მან „ბიზნეს პალიტრას“ ეთერში ისაუბრა.

„ისრაელისა და საქართველოს ვაჭრობის რიცხვებს რომ ვხედავ, გული მტკივა. გამიხარდებოდა, რომ ისრაელი ყოფილიყო საქართველოსთვის 10 უმსხვილეს ინვესტორ ქვეყანაში, რამდენიმე წლის წინ იყო კიდევაც, თუმცა შეიცვალა. თუ უძრავი ქონება ჩაითვლება ინვესტიციად, ბათუმში ებრაელები წლიურად 1,500 ბინას მაინც ყიდულობენ, ეს გამოდის მხოლოდ 50 მილიონი დოლარი, შეიძლება მეტი, 60-70 მილიონი დოლარი. ეს მნიშვნელოვანი თანხაა.

რაც შეეხება ექსპორტ-იმპორტს, რასაც საქართველოდან გზავნიან ისრაელში, ძალიან ცოტაა. ამის განვითარება აუცილებელია და ამაზე ვმუშაობთ მეც და საელჩოც. ძალიან გვინდა საქართველოდან ისრაელში შევიტანოთ სხვადასხვა პროდუქტი და ვაპირებთ, მომავალ თვეებში ღონისძიებებს, რომ გავაცნოთ მყიდველებს“, - ამბობს მენი ბენიში.

საქართველო-ისრაელის სავაჭრო პალატის პრეზიდენტის თქმით, საქართველოს სოფლის მეურნეობაშიც ხელსაყრელი გარემოა საინვესტიციოდ.

„ისრაელში საკვების შეტანა რთულია, მაღალი სტანდარტია, სანიტარიასაც ეხება და ამის გავლაც რთულია, თუმცა ბაზარი უზარმაზარია და კვებაზეც ბევრს ხარჯავენ, ჩვევაა, რომ მაცივარი უნდა იყოს მუდამ სავსე. ამ სფეროში გაზრდა შესაძლებელია და აუცილებელია.

ინვესტიციების გაზრდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროშიც შეიძლება, დაიწყეს მოცვის, ბროკოლის, ასპარაგუსის, ნუშის გაზრდა. ისრაელში 100 გრამი მოცვი 5 დოლარი ღირს, საქართველოში კი სეზონზე 5 დოლარად 1 კილოს იყიდით. საქართველოში ტერიტორია ბევრად დიდია, თითქმის ყველაფრის მოყვანაა შესაძლებელი, წყალი თითქმის უფასოა სოფლის მეურნეობისთვის და ა.შ.“, - თქვა მენი ბენიშმა.

კახი ჩაკვეტაძე