ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის ზოგიერთი ფეხბურთელი ყოველწლიურად რამდენიმე მილიონ დოლარზე მეტს გამოიმუშავებს.
ფეხბურთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი სპორტია. ლეგენდარული მოთამაშეები უამრავი ბავშვის მისაბაძი მაგალითები არიან. მათ ისტორიას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ის ფაქტი, რომ უამრავმა ფეხბურთის კერპმა, წარმატებისკენ მიმავალი გზა საოცარი გაჭირვებიდან დაიწყო.
ფეხბურთელები, რომლებმაც მათი უნარების განვითარებაში წარმოუდგენელი შრომა ჩადეს, დღეს მილიონერები არიან და ამასთანავე, მილიონობით გულშემატკივარს შთააგონებენ.
წარმოიდენთ კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატში წარმოდგენილ ფეხბურთელთა შორის 10 ყველაზე მდიდარ ვარსკვლავს:
ანტუან გრიზმანი - საფრანგეთი (29 მილიონი დოლარი)
ლა ლიგის კლუბის, მადრიდის ატლეტიკოსა და საფრანგეთის ნაკრების ფორვარდი, ანტუან გრიზმანი საფრანგეთში, 1991 წლის 21 მარტს დაიბადა. მან ითამაშა 110-ზე მეტ საერთაშორისო მატჩში. ამჟამად ის წელიწადში 29 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.
კევინ დე ბრუინი - ბელგია (29 მილიონი დოლარი)
ბელგიელი პროფესიონალი ფეხბურთელი კევინ დე ბრუინი, 1991 წლის 28 ივნისს დაიბადა. ის ასპარეზობს როგორც ბელგიის ეროვნულ გუნდში, ასევე პრემიერ ლიგის კლუბ მანჩესტერ სიტიში. როგორც ნახევარმცველი წლიურად 29 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. დე ბრუინმა დებიუტი ბელგიის ნაკრებში 2010 წელს შეასრულა და მას შემდეგ 90-ზე მეტ მატჩში მიიღო მონაწილეობა.
რაჰიმ სტერლინგი - ინგლისი (29,4 მილიონი დოლარი)
პრემიერ ლიგის კლუბ ჩელსისა და ინგლისის ნაკრების შემტევი ნახევარმცველი რაჰიმ შაკილ სტერლინგი 1994 წლის 8 დეკემბერს დაიბადა. ამჟამად ის წელიწადში 29,4 მილიონ დოლარს იღებს. სტერლინგმა ინგლისის ნაკრებში დებიუტი 2012 წელს შეასრულა.
რობერტ ლევანდოვსკი - პოლონეთი (34 მილიონი დოლარი)
პოლონელი ფეხბურთელი რობერტ ლევანდოვსკი, რომელიც თამაშობს თავდამსხმელად ლა ლიგის კლუბ ბარსელონაში და პოლონეთის ნაკრების კაპიტანია, დაიბადა 1988 წლის 21 აგვისტოს.
თავის კარიერაში მან 500-ზე მეტი გოლი გაიტანა. ლევანდოვსკი პოლონეთის ნაკრებში 2008 წლიდან თამაშობს და 130-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული. იგი ამჟამად ყოველწლიურად 34 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.
ედენ აზარი - ბელგია (37,9 მილიონი დოლარი)
ედენ მაიკლ ვალტერ აზარი, პროფესიონალი ფეხბურთელი, რომელიც თამაშობს ლა ლიგის კლუბ მადრიდის რეალში და ბელგიის ეროვნულ გუნდში, დაიბადა 1991 წლის 7 იანვარს. 2008 წლის ნოემბერში აზარმა დებიუტი შეასრულა ბელგიის ეროვნულ გუნდში. მას შემდეგ ბელგიის ნაკრების შემადგენლობაში მან თითქმის 120 მატჩი ჩაატარა. 2015 წლიდან ის ბელგიის ნაკრების კაპიტანია და ყოველწლიურად 37,9 მილიონ დოლარს იღებს.
გარეტ ბეილი - უელსი (43 მილიონი დოლარი)
გარეტ ფრენკ ბეილი 1989 წლის 16 ივლისს დაიბადა. სანამ მადრიდის „რეალს“ შეუერთდა, ბეილმა პროფესიონალური კარიერა „საუთჰემპტონში“ დაიწყო, 2007 წელს „ტოტენჰემში“ გადავიდა და იქ ითამაშა 2013 წლამდე. ამჟამად ის თამაშობს ლოს ანჯელესში, MLS-ის გუნდში. ყოველწლიურად გარეტ ბეილი 43 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.
ნეიმარი უმცროსი - ბრაზილია (91 მილიონი დოლარი)
ნეიმარ და სილვა სანტოს უმცროსი, ცნობილი როგორც ნეიმარი, დაიბადა 1992 წლის 5 თებერვალს. ბრაზილიელი ფეხბურთელი თამაშობს როგორც ბრაზილიის ეროვნულ გუნდში, ასევე ლიგა 1-ის გუნდში, პარი სენ-ჟერმენში. ნეიმარის პროფესიონალური დებიუტი სანტოსში 17 წლის ასაკში შედგა. ის ამჟამად ყოველწლიურად 91 დოლარს იღებს.
ლიონელ მესი - არგენტინა (110 მილიონი დოლარი)
პარი სენ-ჟერმენის თავდამსხმელი და არგენტინის ნაკრების კაპიტანი, ლიონელ ანდრეს მესი 1987 წლის 24 ივნისს დაიბადა. მესი აღიარებულია ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ და ოქროს ბურთის შვიდი ჯილდო მოიგო. მესიმ კარიერაში 785-ზე მეტი გოლი გაიტანა და ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია მსოფლიოში 110 მილიონი დოლარის ხელფასით წელიწადში.
კრიშტიანუ რონალდუ - პორტუგალია (113 მილიონი დოლარი)
1985 წლის 5 თებერვალს დაბადებული კრიშტიანუ რონალდუ დოს სანტოს ავეირო არის ფორვარდი, რომელიც პროფესიონალურად თამაშობს და პორტუგალიის ნაკრების კაპიტანია. ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეს აქვს მრავალი ჯილდო. CR7 წელიწადში 113 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.
კილიან მბაპე - საფრანგეთი (125 მილიონი დოლარი)
ამ სიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია კილიან მბაპე ლოტინი, რომელიც წარმოადგენს როგორც საფრანგეთის ეროვნულ გუნდს, ასევე ლიგა 1-ის კლუბ პარი სენ-ჟერმენს.
მბაპე 1998 წლის 20 დეკემბერს, პარიზში დაიბადა. მან პროფესიონალური საკლუბო კარიერა 2015 წელს მონაკოში გადასვლით დაიწყო, სადაც ლიგა 1-ის ჩემპიონატი მოიგო 18 წლის ასაკში და გახდა მეორე მოზარდი, პელეს შემდეგ, რომელმაც გოლი გაიტანა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. ამჟამად ის წელიწადში 125 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.
წყარო: therichest.com