საქართველოდან ვაშლის ექსპორტი გასული წლების მაჩვენებელზე ბევრად ნაკლებია, მოსავალი კი ფაქტობრივად, რეკორდული.
როგორც EastFruit-ი წერს, თუ შარშან მოსავალი 90 ათას ტონას შეადგენდა, წელს ეს მაჩვენებელი 130 ათას ტონამდეა გაზრდილი. შესაბამისად, ქართულ ვაშლს ექსპორტი ნამდვილად სჭირდება. თუმცა, სამწუხაროდ, საგარეო ვაჭრობის მაჩვენებელი იმაზე გაცილებით დაბალია, ვიდრე ადგილობრივ მწარმოებლებს სურთ.
კარგი ამბავი კი ის არის, რომ ექსპორტი თვიდან თვემდე მატულობს: სექტემბერში დაბალი ექსპორტი გასაკვირი არ არის, რადგან ეს თვე ადრეულ პერიოდად ითვლება. ოქტომბერში წინა თვეზე მაღალი ექსპორტი დაფიქსირდა და ეს ტენდენცია მომავალ თვესაც შენარჩუნდა - 2022 წლის ნოემბერში საქართველოდან 1,4 ათასი ტონა ვაშლი გავიდა, რაც 65%-ით მეტია წინა თვეზე. ქართული ვაშლის ძირითადი იმპორტიორი ქვეყანა რუსეთია.
მიუხედავად ამ სასიკეთო ძვრებისა, საერთო სურათი პრაქტიკულად, უცვლელია - საქართველოს მეტი ექსპორტი სჭირდება.
ჯერჯერობით, წლევანდელ სეზონზე ექსპორტის მოცულობა 12%-ით ნაკლებია, ვიდრე წინა სეზონზე და 55%-ით ნაკლებია, ვიდრე რეკორდულ 2020 წელს. ამ დრომდე, წლევანდელი საექსპორტო შემოსავალი, 2021 და 2020 წლების საექსპორტო შემოსავალს 10 და 30%-ით ჩამორჩება.
საინტერესოა, რომ სეზონის პირველ სამ თვეში ექსპორტზე მოსავლის 2% გავიდა. წინა ორი წლის ანალოგიური მაჩვენებელი 4% და 6% იყო. მოსავლის ჯამური საექსპორტო პოტენციალი 40-50 ათასი ტონით არის შეფასებული.