ჩინეთის ოფიციალური უწყებების გამოთვლებით, დეკემბრის პირველ 20 დღეში ქვეყანაში 250 მილიონი ადამიანი დაავადდა, რაც მთლიანი მოსახლეობის 18%-ია. ამის მიზეზი კი ლოკდაუნის ზომების შემსუბუქებაა. ინფორმაციას Finantial Times ავრცელებს.
კოვიდ-შემთხვევების აფეთქება პეკინის გადაწყვეტილებას უკავშირდება, რომელიც ნულოვანი კოვიდის პოლიტიკის გაუქმებას გულისხმობს. ჩინეთის მთავრობა ამ პოლიტიკით სამი წლის განმავლობაში ცდილობდა ვირუსის გავრცელების შეკავებას მასობრივი ტესტირების, სავალდებულო კარანტინისა და მკაცრი ლოკდაუნების პირობებში.
გამოთვლები სუნ იანმა, ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ვიცე-დირექტორმა გაავრცელა. იანის თანახმად, კოვიდი გავრცელების ტემპი ქვეყანაში კიდევ უფრო იმატებს.
სუნ იანის მაჩვენებლები, რომლებიც მოწოდებული იქნა დახურულ შეხვედრაზე, ეწინააღმდეგება ჯანდაცვის ეროვნული კომისიის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს, რომელმაც კოვიდის 62,592 სიმპტომური შემთხვევა გამოაცხადა იმავე პერიოდში. აღსანიშნავია, რომ ჩინეთის მიერ წარმოებული მონაცემების საჯაროობა მთავარი კრიტიკის საგანია დასავლეთში. ვაშინგტონი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინეთისგან მეტ გამჭვირვალობას და სიზუსტეს მოითხოვენ.