თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 892 ოჯახია უსახლკაროდ რეგისტრირებული, ამის შესახებ დედაქალაქის მერიის მიერ დეპუტატის ალეკო ელისაშვილის კითხვის პასუხად გაგზავნილი ინფორმაციიდან ირკვევა.
მათივე ცნობით, ამ 892 ოჯახიდან 267 იყო ერთსულიანი და შესაბამისად მოხდა თავშესაფრის შეთავაზება (ლილოს მიუსაფართა თავშესაფარი), 150 ოჯახი ცხოვრობს სოციალურ საცხოვრისში 3 ლოკაციაზე (დიდი დიღომი, ორხევი, ვარკეთილი), 55 ოჯახისთვის მოხდა ბინის შეძენა სხვადასხვა ლოკაციაზე (ბინები გადაეცათ სარგებლობის უფლებით), 69 ოჯახის შემთხვევაში საცხოვრისის გადაცემა არ განხორციელებულა სხვადასხვა მიზეზის გამო (მოხდა არსებული ფართის დაკანონება, გადაეცათ მიწის ნაკვეთი და ა.შ.).
„თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, უსახლკარო ადამიანების დახმარების მიზნით შემუშავებულია რამდენიმე პროგრამა: შეიქმნა ააიპ „თბილისის მუნიციპალური თავშესაფარი“, რომლიც ადმინისტრირებას უწევს ლილოს მიუსაფართა თავშესაფარს (გათვლილია 240 ბენეფიციარზე), 3 ლოკაციაზე არსებულ სოციალურ საცხოვრისებს (ვარკეთილი, დიდი დიღომი, ორხევი) და საცხოვრისად გამოყენების მიზნით სხვადასხვა ლოკაციაზე შეძენილ ბინებს.
შეიქმნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის კომისია, დამტკიცდა მისი დებულება. დამტკიცდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესი, რომელიც განსაზღვრავს პირის/ოჯახის უსახლკაროდ რეგისტრაციის კრიტერიუმებს, პროცედურებს და თავშესაფრით/საცხოვრისით დაკმაყოფილების პირობებს.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გამგეობების მიერ ხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში დანგრეული ან საცხოვრებლად გამოუსადეგარი სახლების მაცხოვრებელთა, ასევე მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, უსახლკაროდ დარჩენილ მოქალაქეთა აუცილებელი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ქირის კომპენსაციის პროგრამა.
ეტაპობრივად, მიმდინარეობს სხვადასხვა ლოკაციაზე ბინების შეძენა, მათი საცხოვრისებად გამოყენების მიზნით,“- აღნიშნულია წერილში.